ნიდერლანდები 1/4-ფინალში უპრობლემოდ გავიდა

0
7

ნიდერლანდების ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კატარის მუნდიალის 1/4-ფინალში დიდი პრობლემების გარეშე გავიდა. ლუის ვან გაალის გაწვრთნილი გუნდი აშშ-ს შეხვდა და ფავორიტის სტატუსი გაამართლა.
მატჩის დებიუტში ანგარიშს გახსნა პულიშიჩს შეეძლო, რომელიც ნიდერლანდელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელსაც ბურთი ვერ ააცილა. მე-10 წუთზე დუმფრისმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და მეტოქის საჯარიმოში გახსნილი მემფის დეპაი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ამერიკელთა კარი აიღო – 1:0. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე დუმფრისმა ამჯერად აშშ-ს საჯარიმოში პასი დეილი ბლინდს არ დაუგვიანა, რომელმაც ფაქტობრივად იმავე პოზიციიდან და ანალოგიური დარტყმით გაიტანა – 2:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტანდარტულის შემდეგ რიმმა ახლო მანძილიდან დაარტყა და გაკპომ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. ტაიმის შუაწელში ბერგვაინი ბურთს თავის მცველს უბრუნებდა, მაგრამ პასი რაიტის მისამართით გამოუვიდა, რომელმაც ნიდერლანდების მეკარისთვის გვერდის ავლა მოინდომა, მაგრამ ძალიან მარჯვნივ წავიდა და ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. თუმცა, ცოტა ხანში მარჯვენა ფრთიდან პულიშიჩის პასის მერე, ნიდერლანდელთა საჯარიმოში მყოფი რაიტი დარტყმას ცდილობდა, მაგრამ აშკარად აეჭრა ტერფზე ბურთი, რომელმაც უცნაური ტრაექტორია მოხაზა და კარის შორეულ კუთხეში ჩაეშვა. ეს გოლი მსოფლიო ჩემოიონატების ისტორიაში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალურია.
81-ე წუთზე დეილი ბლინდმა აშშ-ს საჯარიმოში მცველების მიერ უმეთვალყურეოდ დარჩენილ დუმფრისს უპასა, რომელმაც მარცხენა ფეხით ბურთი მიწაზე დაუშვებლად მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გაგზავნა – 3:1. ის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ერთ მატჩში შედეგიანად სამჯერ გაისარჯა.
ვან გაალის ნაკრებში დაბრუნების მერე, ნიდერლანდებს ზედიზედ 19 თამაში არ წაუგია – 14 გამარჯვება და 5 ფრე.
ნიდერლანდებმა ბოლო 6 მუნდიალიდან 1/8-ფინალში 5-ჯერ დაძლია. ნიდერლანდები 1/4-ფინალში არგენტინა-ავსტრალიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.