„დინამომ“ წყალტუბოდან მნიშვნელოვანი ქულა წამოიღო

0
9

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურის თბილისის „დინამო“ სტუმრად წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდა და ჩემპიონობისთვის ძალიან საჭირო ქულა აიღო. წვიმის ფონზე ძალიან მძიმე მოედნის საფარზე ჩატარებული შეხვედრის პირველ ტაიმში „სამგურალი“ დომინირებდა და ლოგიკური იყო, რომ ანგარიში გახსნა.
21-ე წუთზე ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ მარცხენა ფლანგიდან გარე ტერფით საუვხოო პასი გაუკეთა თბილისელთა საჯარიმოში გახსნილ გიორგი ნიქაბაძეს, რომელმაც ვარდნაში თავით ანგარიში გახსნა – 1:0. ამ ეპიზოდში „დინამოს“ ცენტრალური მცველები აშკარად შეცდნენ.
ტაიმის მიწურულს ჯეფერსონ ჯერალდომ საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და „დინამო“ გოლის გაშვებისგან მეკარე ლუკა კუტალძემ გადაარჩინა. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე სტუმართა ფეხბურთელებმა თავის ნახევარზე შეუთანხმებლად ითამაშეს და ჯეფერსონ ჯერალდო პირისპირ გავიდა კუტალაძესთან, მაგრამ დარტყმა დააგვიანა, რის გამო საბოლოოდ ბურთი დაკარგა.
სჩანს, შესვენებაზე გიორგი ჭიაბრიშვილმა თავისი ფეხბურთელები გვარიანად „შეაჯანჯღარა“ და „დინამომ“ მეორე ტაიმში სულ სხვა ფეხბურთი ითამაშა. თბილისელებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და ამან თავისი შედეგი მოიტანა.
თამაშის განახლებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ იმრანმა შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი მასპინძლების კარის ძელს სანტიმეტრებით აცდა. 56-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან თავიდ კობოურმა „სამგურალის“ საჯარიმოში უკრაინელი ლეგიონერი სტანისლავ ბილენკი მოძებნა, რომელმაც თავით ზუსტი პასი გაუკეთა იმრანს, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
62-ე წუთზე „დინამოს“ დაწინაურება შეეძლო, მაგრამ კარიდან რამდენიმე მეტრში მყოფი სხირტლაძის დარტყმის შემდეგ მცველმა დავით მაისაშვილმა ბურთი თავით მოიგერია.
მატჩისს ბოლო წუთებში „სამგურალის“ ძალიან იშვიათი შეტევის დროს ლევან ოსიყმაშვილს ბურთი ხელზე მოხვდა და მოედანი დატოვა. მასპინძელი ფეხბურთელების მოთხოვნის მიუხედავად, მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და „სამგურალი“ მხოლოდ კუთხურს გამორჩა, რომლის ჩაწოდების შემდეგ კუტალაძე, წყალტუბოელ ფეხბურთელს დარტყმული საუცხოო ნახტომში მოიგერია. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში წვიმამ იმატა და მოედანი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ბურთი ფაქტობრივად არ გორავდა. შეხვედრის ბოლო წუთზე კალანდარიშვილის შესრულებული სახიფათო საჯარიმოს შემდეგ, საბოლოოდ, „დინამომ“ ქულა აიღო და 78 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა. გიორგი მიქაძის გაწვრთნილი „სამგურალი“ 57 ქულით მესამეა.
ჩემპიონობისთვის კიდევ ერთი პრეტენდენტი ბათუმის „დინამო“  სტუმრად „გაგრას“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა.  გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდიდან 24-ე წუთზე ანგარიში ჯაბა ჯიღაურმა გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიიონის გადაცემის მერე, პაატტა ღუდუშაურმა სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა. მე-60 წუთზე ჯიღაურმა დუბლი შეასრულა, რასაც ლუკა ნოზაძემ ერთი საპასუხო გოლით უპასუხა. 85-ე წუთზე წერტილი მათე ვაწაძემ დასვა. ბათუმელები 76 ქულით მე-2 ადგილზე არიან, ხოლო გაგა კირკიტაძის ხელმძღვანელობით „გაგრა“ 36 ქულით მერვეა.

გორის „დილა“ სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდა და ორივე გუნდისთვის მეტად პრინციპული შეხვედრა ფრედ დასრულდა – 1:1. შეხვედრის მე-14 წუთზე თელაველთა მცველმა ილია ბერიაშვილმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა. 30-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა მცველი ცოტნე კაპანაძე და სტუმართა ნახევარმცველი სენეგალელი ინორე გომისი ჩხუბისთვის გააძევა. „თელავმა“ ანგარიში 77-ე წუთზე უმცროსი დავით მუჯირის დარტყმის შემდეგ გაათანაბრა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით „დილამ“ თავი 56 ქულა მოუყარა და მეოთხეა, ხოლო გია ცეცაძის „თელავი“ 36 ქულით მე-7 პოზიციაზეა.
ქუთაისის „ტორპედომ“ ზესტაფონში ბოლნისის „სიონი“ მიიღო და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. მასპინძლებიდან 24-ე წუთზე პირველი გოლი გიული მანჯგალაძემ გაიტანა. 71-ე წუთზე გიორგი ქიმაძის პასი თორნიკე ახვლედიანმა ქუთაისელები კიდევ უფრო დააწინაურა, ხოლო იმავე ახვლედიანის პასით გიორგი კუხიანიძემ „ტორპედოს“ სამი ქულა გაუფორმა.
კახა ჩხეტიანის თავკაცობით „ტორპედომ“ 53 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილს ვერავინ შეეცილება. გიორგი ჭელიძის „სიონი“ 33 ქულით მერვეა.
თბილისის „საბურთალომ“ გასვლაზე თანაქლაქელ „ლოკომოტივს“ იური ტაბატაძის მიერ 88-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 სძლია. „საბურთალომ“ 36 ქულით ჩემპიონატს მე-6 ადგილზე დაასრულებს, ხოლო „ლოკომოტივი“ კარგა ხანია უკვე გავარდა.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო ტური 3 დეკემბერს ჩატარდება.