U18 ევროპის ჩემპიონატი – საქართველო 2022 ოფიციალური პრესკონფერენციით გაიხსნა

0
5

2022 წლის 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დირექტორებმა – ადრი ვან დერ პლასმა რაგბი ევროპიდან და ლექსო გუგავამ საქართველოდან, ტურნირი ოფიციალური პრესკონფერენციით გახსნეს და საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლობს. თამაშები თბილისსა (რაგბი პლატო) და რუსთავში (ხარები არენა) 2, 5 და 9 ოქტომბერს გაიმართება. ტურნირში, რომელიც ფლეი ოფის სისტემით იმართება 8 გუნდი მონაწილეობს – ზედიზედ 3-გზის ჩემპიონი საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, რუმინეთი, გერმანია და ჩეხეთი.
„მოხარულები ვართ საქართველოში სტუმრობით. ეს ბიჭები პირველ ნაბიჯებს დგამენ საერთაშორისო რაგბში და მათ წინ საინტერესო 10 დღე ელით. საქართველოს არაერთი მაღალი დონის შეხვედრისთვის უმასპინძლია, ის რაგბი ევროპის ლიდერი ქვეყანაა და აქვს როგორც შესანიშნავი სარაგბო ინფრასტრუქტურა, ასევე მსგავსი ტურნირების ორგანიზების დიდი გამოცდილება“ – თქვა ადრი ვან დერ პლასმა.

„20-წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ჩვენთვის დიდი გამოწვევა და გამოცდილება იყო. ბევრმა ადამიანმა, ჩემი ჩათვლით, ვისწავლეთ თუ რა სჭირდება ასეთი დონის ტურნირების ორგანიზებას. 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო მაგალითის მიმცემია ტიერ2 სარაგბო ქვეყნებისთვის და ბევრი სწორებას ჩვენზე აკეთებს. ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო სწორი გზით ვითარდება. მიხარია, რომ ტურნირის ორგანიზებაში მრავლად არიან ჩართული მოხალისეები“ – განაცხადა ლექსო გუგავამ:
„ქართუს“ მიერ აშენებული თითქმის ყველა სარაგბო ბაზა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. „რაგბი პლატო“ და „ხარები არენა“ სწორედ ასეთებია და მათი შერჩევა რაგბი ევროპასთან ერთად მოხდა. ჩვენი 18-წლამდელებისთვის ეს ტურნირი მნიშვნელოვანია, რადგან ისინი პირველ ნაბიჯებს დგამენ საერთაშორისო რაგბში. მონაწილე გუნდების ნახევარი განვითარებადი სარაგბო ქვეყნებიდანაა, თუმცა ესპანეთი და პორტუგალია ყველა დონეზე ვითარდება და ვფიქრობ, მათთან თამაში საინტერესო იქნება“.
1/4-ფინალური ეტაპის თამაშები 2 ოქტომბერს გაიმართება. „რაგბი პლატოზე“ პორტუგალია გერმანიას (11:00) და ბელგია ნიდერლანდებს (14:30) ეთამაშება, ხოლო „ხარები არენაზე“ ესპანეთი რუმინეთს (12:45) და საქართველო ჩეხეთს შეხვდება (16:15). თამაშები რაგბი ტვ-ის ეთერით გადაიცემა.