თად მაკფადენის 28 ქულა და პირველი გამარჯვება ესპანურ ლიგაში

0
7

თად მაკფადენმა ესპანეთის ახალდაწყებულ ჩემპიონატში გაიბრწყინა. ლიგა ენდესას მე-2 ტურის მატჩში საქართველოს ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გუნდი სტუმრად “სარაგოსას” შეხვდა და დამაჯერებლად (81:64) რომ იმარჯვა, სწორედ მაკფადენის დამსახურებაა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 28 ქულა ჩააგდო, რითაც პირად ესპანურ რეკორდს ქულით მიუახლოვდა.
მატჩის გმირი ქართველი ლეგიონერი იყო – 28 ქულა (აქედან 6 სამქულიანი), 4 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი, 28 მარგი ქმედების კოეფიციენტი, +19 – ასეთია თადის სტატისტიკა ამ მატჩში. ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა მის თამაშს ბრწყინვალე უწოდა.
“მურსიამ ჩემპიონატში პირველად მოიგო ბრწყინვალე მაკფადენის წყალობით. ის განსაკუთრებით საოცარი პირველ ტაიმში იყო. მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყვიტა, მერე კი მისი გუნდი სარაგოსასთვის მიუღწეველი აღმოჩნდა”. მაკფადენმა 3-დან 3 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო და 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28 შეადგინა და მას აქვს შანსი, ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდეს.
გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის “ტენერიფემაც”, რომელმაც ლიგის დებიუტანტ “ხირონას” უმასპინძლა და 76:67 სძლია. შერმადინმა ტრავმის გამო არ ითამაშა.