„ტორპედომ“ უხვგოლიან მატჩში „საბურთალოს“ სძლია

0
13

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტური გორში დასრულდა, სადაც თბილისის „საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში 2:4 დამარცხდა.
მატჩში ანგარიში პირველ წუთზე გაიხსნა, როდესაც „ტორპედოში“ დაბრუნებულმა მერაბ გიგაურმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და თორნიკე მეგრელიშვილის მოგერიებულ ბურთი გიორგი ქიმაძემ დაამატა. 22-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელსაც თავი ირაკლი სიხარულიძემ შეაგება და ლამაზი გოლი გაიტანა.
35-ე წუთზე გურამ გოშთელიანმა კარგად „შეაყოლა“ პასი სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ გიორგი გულიაშვილს, რომლის დარტყმული ბურთი როინ კვასხვაძემ მოიგერია, მაგრამ შეტევა გაგარძელა და სიხრულიძის დარტყმულს მცველი გადაეფარა, ხოლო საბოლოოდ მეტოქის კარი ლევან ნონიკაშვილმა აიღო. მე-40 წუთზე კვასხვაძემ თავისი საჯარიმოდან ზუსტი პასი გაუკეთა ქიმაძეს, რომელიც თბილისელთა საჯარიმოში შეიჭრა და გია ჩადუნელმა წააქცია,  ხოლო მსაჯის ჯენერი ხორავას დანიშნული პენალტი გიორგი კუხიანძემ გამოიყენა.
78-ე წუთზე აკაკი შულაიას გადაცემის შემდეგ, თორნიკე ახვლედიანმა აშკარად დაჩაგრა ჩადუნელი და მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში ბურთიანად შესულმა „ცაციათი“ ქუთაისელები დააწინაურა. 83-ე წუთზე „ტორპედოს“ შეტევა შულაიას გადაცემის მერე ირაკლი ბუღრიძემ გოლით დაასრულა.
ლაშა ნოზაძის გაწვრთნილი „საბურთალო“ 30 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ 27 ქულა დააგროვა და მეექვსეა.

გოჩა კაჭარავა