კვარაცხელიას ფანტასტიკური დებიუტი სერია A-ში

0
26

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი იტალიის სერია A-ში ფანტასტიკური აღმოჩნდა. სხვა ეპითეტით ვერ შეამკობ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეტევის ლიდერის თამაშს, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს საფეხბურთო ლიგაში ჩატარებულ პირველ მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი ნეაპოლელები „ვერონას“ ესტუმრნენ და მიუხედავად იმისა, რომ აგებდნენ, საბოლოოდ 5:2 გაიმარჯვეს. მასპინძლებმა ანგარიში 29-ე წუთზე გახსნეს, როდესაც სტანდარტულის გათამაშების შემდეგ მცველებისგან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ლაზანიამ სტუმართა კარი ახლო მანძილიდან აიღო,
37-ე წუთზე „ნაპოლის“ შეტევის დროს მარჯვენა ფლანგიდან ირვინ ლოსანომ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა კვარაცხელიამ თავით საპასუხო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ნეაპოლელებმა კუთხური ჩააწოდეს და ოსიმენმა სტუმრები დააწინაურა. 48-ე წუთზე უდინელებიდან ანრი გამოირჩა, რომელმაც თავით ბურთს ადგილი მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა.
58-ე წუთზე „ნაპოლის“ კონტრშეტევის დროს კვარაცხელიამ ერთი შეხებით ზელინსკი „ვერონას“ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და პოლონელმაც თანაგუნდელს გარჯა დაუფასა. 65-ე წუთზე ლობოტკამ ინდივიდუალურად საუცხოოდ ითამაშა და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. ორ წუთში კვარაცხელია მაკედონიელმა ელმასმა შეცვალა. 79-ე წუთზე სპალეტის შეგირდებმა ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც პოლიტანომ ზუსტი დარტყმით დაასრულა.
აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელიამ პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში მოწინააღმდეგის კარი აიღო და თანაგუნდელსაც გაატანინა. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამდე იტალიის ჩემპიონატში კახა კალაძემ და ლევან მჭედლიძემ ითამაშეს.

გოჩა კაჭარავა