გუგეშაშვილს „ყარაბაღში“ ენდობიან, კაკაბაძის ზედიზედ მეორე მარცხი

0
5

ლუკა გუგეშაშვილმა აგდამის „ყარაბაღის“ სასტარტო შემადგენლობაში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში ჩაატარა. მე-2 ტურში აგდამელებმა სტუმრად „სუმგაითს“ 2:0 აჯობეს და ქართველმა მეკარე შეუცვლელად ითამაშა. „ყარაბაღის“ მთავარი მწვრთნელი გურბან გურბანოვი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაჰამადალიევს ენდობა, ხოლო გუგეშაშვილს თავის გამოჩენის შანსს შიდა პირველობაზე აძლევს. მოქმედი ჩემპიონი „ყარაბაღი“ 6 ქულით 9-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
„კრაკოვიამ“, სადაც ოთარ კაკაბაძე გამოდის, პოლონეთის ექსტრაკლასაში კარგი სტარტის შემდეგ, ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გუნდმა მე-5 ტურში „პიასტს“ უმასპინძლა და უქულოდ მეტოქის მიერ 70-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის გამო დარჩა. კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „კრაკოვია“ 9 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
„თურანმა“ გასვლაზე „საბაილს“ 1:0 აჯობა. გამარჯვებულთა რიგებში ქართველმა ფორვარდმა იმედა აშორტიამ 78-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო პირველ ტურში გაძევებული ფირუზ მაგრაქველიძემ მოედანზე დისკვალიფიკაციის გამო არ იყო.
„შკუპი“, რომელშიც გაგი მარგველაშვილი გამოდის, ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში პირველი შეხვედრა ჩაატარა და შინ „მაკედონიას“ 2:1 აჯობა. ქართველმა მცველმა მე-12 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.