“რეალმა” ევროპის სუპერთასი მეხუთედ მოიგო – ანჩელოტის რეკორდი

0
8

მადრიდის “რეალმა” უეფას ევროპის სუპერთასი არსებობის ისტორიაში მეხუთედ მოიგო. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გამარჯვებული კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ევროპა ლიგის მოქმედ ჩემპიონ ფრანკფურტის “აინტრახტს” დაუპირისპირდა და 2:0 სძლია.
მატჩში ანგარიშის გახსნის საშუალება პირველად გერმანელებს ჰქონდათ, როდესაც კამადა ტიბო კურტიასთან პირისპირ დარჩა, მაგრამ იაპონელის დარტყმული ბურთი ბელგიელმა მეკარემ მოიგერია.
ამის შემდეგ გოლის გატანის რეალური შანსი მადრიდელებმა მიიღეს, როდესაც რამდენიმესვლიანი კომბინაციის შემდეგ ქარიმ ბენზემა პასი ვინისიუს ჟუნიორს გაუკეთა, რომელმაც ცარიელ კარში დაარტყა და ფრანკფურტელთა მცველმა ბურთი მოიგერია.
37-ე წუთზე “რეალის” ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ბენზემამ მოიგო, ხოლო კაზემირომ თავით პასი ალაბას გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
შესვემების შემდეგ ანგარიშის გაზრდის საშუალება მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ კაზემიროს ჰქონდა, რომელმაც საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
65-ე წუთზე ვინისიუსმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და გერმანელთა საჯარიმოში ბენზემა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და “აინტრახტის” მეკარე კევინ ტრაპის უხეში შეცდომის შემდეგ ბურთი კარში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და “რეალმა” სეზონი მორიგი ტიტულით დაიწყო.
“რეალმა” სუპერთასზე მოპოვებული გამარჯვებთა რიცხვით “მილანის” და “ბარსელონას” რეკორდი გაიმეორა. “სამეფო კლუბმა” არსებობის მანძილზე 98-ე ტიტული მოიგო და “ბარსელონას” (97 ტიტული) გაასწრო.
იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში სუპერთასი მეოთხედ მოიგო, რაც რეკორდია – მან პეპ გვარდიოლას შედეგი გააუმჯობესა.
ანჩელოტი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 24-ე ტიტულს დაეუფლა – მათ შორის 8 ჯილდო “რეალთან” ერთად დაისაკუთრა.
ბენზემამ “რეალის” მაისურით 24 ჯილდო მოიგო და ლეგენდარულ პაკო ჰენტოს გაუტოლდა. მადრიდელთა რეკორდსმენი გუნდის ექსმცველი მარსელოა, რომლის ანგარიშზე 25-ე ტიტულია. ფრანგმა მადრიდელთა მაისურით ყველა ტურნირში 324 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით რაულს (323) გაასწრო. “რეალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუა (451).
“რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა სუპერთასი მეხუთედ მოიგო. მან ამ მაჩვენებლით იტალიელ პაოლო მალდინის და ბრაზილიელ დანი ალვეშს აჯობა.
კურტუამ “რეალის” შემადგენლობაში ჩატარებულ ზედიზედ 4 ფინალში გოლი არ გაუშვა. მან 19 დარტყმა მოიგერია.
აქვე გეტყვით, რომ განვლილ შეხვედრაში ფეხბურთის არსებობის ისტორიაში პირველად თამაშგარის ავტომატურად დაფიქსირების ტექნოლოგია გამოიყენეს.