კვეკვესკირის და წიტაიშვილის გუნდმა „ყარაბაღს“ სძლია

0
4

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში პოზნანის „ლეხმა“, სადაც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, შინ 1:0 აჯობა აგდამის „ყარაბაღს“, რომელშიც მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება.
პოლონელებმა ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე გაიტანეს და თავი შვედმა თავდამსხმელმა მიკაელ ისხაკმა გამოიჩინა.
„ლეხის“ ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ ჩვენი ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა კვეკვესკირმა ითამაშა, რომელიც მოედანზე მე-80 წუთზე სწორედ სიხაკის მაგივრად შევიდა. მასპინძლების თადარიგში საქართველოს ნაკრების გარემარბი წიტაიშვილიც იყო, მაგრამ გუნდის ახალწვეულს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს.
გუგეშაშვილმა ორი ტაიმი აზერბაიჯანელთა სათადარიგო სკამზე გაატარა. ამ გუნდებს შორის მომდევნო თამაში 12 ივლისს ბაქოში შედგება.