გიორგი ჭიაბრიშვილი: “მომდევნო ეტაპზე უნდა გავიდეთ”

0
4

თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს მიაჩნია, რომ მისი გუნდი ვალდებულია კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდეს. მან ამის შესახებ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვალ ესტონეთის “პაიდესთან” ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ასევე გუნდის ვიცეკაპიტანი და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ანრი მექვაბიშვილი დაესწრო.
გიორგი ჭიაბრიშვილი:
 “ჩვენთვის ყოველი თამაში, ყოველი ეტაპი არის გამოწვევა და სრული სერიოზულობით ვემზადებით, როგორც გუნდი, ისე მთლიანად კლუბი. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებული არიან და რა თქმა უნდა, ნერვიულობის საფუძველი არ მაქვს იმ კუთხით, რომ ფეხბურთელები მოტივირებული იქნებიან თუ არა, რადგან არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს ზემოდან ვუყუროთ. ამიტომ, მინდორზე ყველა თამაშში 100%-ით დავიხარჯებით.
ბათუმის “დინამოსთან” თამაში ევროტურნირების წინ ძალიან კარგი იყო და ვფიქრობ, რომ ბევრი რაღაც დაგვანახა. თუმცა, არა მგონი, რომ რომელიმე კონკრეტული რგოლის პრობლემა იყო, ვფიქრობ, რომ მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა და მეტოქემ გვაჯობა. მეკარის და მცველების შეცდომები ბოლოს ჩანს, მაგრამ იქამდე რომ მიდის საქმე, მთლიანად გუნდის ბრალია.
ყველა რგოლში გაძლიერება რომ გვჭირდება, ფაქტია და ვმუშაობთ ამაზე. ძალიან რთულია, ვცდილობთ და ძალიან კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ იმრანი, რომელიც იდეალურ ფორმაში ჯერ არის, მაგრამ განაცხადში იქნება. არ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვლაზე შევიდეს.
არ ვიცი, მეტოქე როგორი გუნდია, კი გავაანალიზეთ და ვნახეთ მისი მატჩები, მაგრამ ასე რთულია პროგნოზის გაკეთება, ეს ჩემი საქმე არც არის. ჩემი საქმეა კონკრეტულად ეს თამაში და ვალდებულები ვართ, მომდევნო ეტაპზე გავიდეთ, მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ „არარატ-არმენიაზე“.
კობოური და კუცია მზადების პროცესში არიან, სრული დატვირთვით ვარჯიშობენ, კარგად გამოიყურებიან, მაგრამ ეს არის კონკრეტული თამაში, რომლისთვისაც მთელი გუნდი ემზადება. ვნახოთ, გამოვლენ თუ არა, ისინი მოედანზე, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ გარკვეული პერიოდის უთამაშებელი არიან.
ბათუმის “დინამოსთან” შეხვედრაში ჩემი გუნდის მხრიდან ფსიქოლოგიური პრობლემა ვერ დავინახე. ეს იყო თამაში, რომელშიც უბრალოდ გვაჯობეს და მოგვიგეს. მომენტები, რომლებიც გამოიყენეს, რგოლებში უკეთესად გამოიყურებოდნენ, ჩვენ კი ცოტა რაღაცებში ჩამოვრჩით, მაგრამ არ მაქვს საბაბი, რომ ჩემი გუნდის ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე ვინერვიულო. ამ ფეხბურთელების მჯერა და ვიცი, რომ შეუძლიათ ძალიან მაღალ დონეზე თამაში. დანარჩენს დრო გვიჩვენებს და წინასწარ ლაპარაკს აზრი არ აქვს. უმჯობესია ახლა ნაკლები ვილაპარაკო და მინდორზე ჩანდეს ყველაფერი.
გულშემატკივარი მნიშვნელოვანი რომ არის, რად უნდა საუბარი. „დინამო ბათუმს“ შედეგი რომ აქვს, ამ გარემოს და მუხტის დამსახურებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი გარემო ყველგან იყოს და ჩვენ ძალიან გვჭირდება გულშემატკივარი. ზუსტად ეს გარემო არის, როდესაც გუნდს რაღაც არ გამოგდის, იმაზე მეტს გაკეთებინებს, ვიდრე შეგიძლია. ამიტომ, მოვუწოდებ ხალხს, მოვიდნენ და „დინამოს“ უგულშემატკივრონ. ძალიან რთულია ფანების გარეშე შედეგის მიღწევა.
სხირტლაძეს სრულფასოვნად 90 წუთის განმავლობაში შეუძლია ითამაშოს. შეიძლება ძირითადში მოხვედრის შემთხვევაში უბურთოდ იმდენი ვერ გააკეთოს, რაც სხვას შეუძლია. დანარჩენს პროცესში ვნახავთ. მიხარია, რომ ტრავმა და ფიზიკური კონდიციების მხრივ პრობლემები არ აქვს.
“დინამოს” ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, სხვა საქმეა ვინ როგორ იყენებს ამას. ხარაბაძე ძალიან კარგი ფეხბურთელია, მისი მომავალი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. არიან ადამიანები, რომლებიც გვიან იგებენ რა უნდათ. ხარაბაძე ასაკთან შედარებით ცოტა ახალგაზრდა, ის ჯერ ერთობა. როცა ხარაბაძე თავად მოინდომებს, მაშინ მოუმატებს. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული”.
ანრი მექვაბიშვილი: “საერთაშორისო მატჩებს ცოტა სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ მე ყველა თამაშს პროფესიონალურად ვუდგები და ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო. ეროვნული ნაკრების თამაშზე უფრო მეტი ხალხი მოდის სტადიონზე და სხვანაირი გარემო იქმნება და ცოტა რთულია შეუჩვეველი ფეხბურთელისთვის, რადგან საქართველოს ჩემპიონატში ბევრი ხალხი არ დადის. ვფიქრობ, გამომადგება საქართველოს ნაკრებში თამაში, რადგან იქ ძალიან დიდი ფეხბურთელები თამაშობენ და ეს გამოცდილება გამომადგება.
გულშემატკივარი ძალიან ბევრს აკეთებს და „დინამო ბათუმს“ ფანები ძალიან ეხმარებიან. ვნახეთ, საქართველოს ნაკრების თამაშზეც რამდენიმე ხალხი მოვიდა და ეს ფეხბურთს ძალიან ეხმარება. ვიტყვი, რომ გულშემატკივარი მოვიდეს და გვერდში დაგვიდგეს. ფანებს უნდათ შეტევა და გოლი, ჩვენი ფილოსოფიაც ეს არის, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ და ისინი გავახაროთ“