“ბორჯღალოსნები” არგენტინა XV-თან დამარცხდნენ

0
4

ბორჯღალოსნებმა არგენტინა XV-ს პირველ ტაიმში ორი ლამაზი ლელო გაუტანეს და 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება სამხრეთელ სტუმრებს დარჩათ – 30:24.
ეს იყო ორი განსხვავებული ტაიმის მატჩი. პირველ ნახევარში მასპინძლები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მაღალ ტემპში, ხელდახელ უტევდნენ, რაც ორჯერ ლელოთი დასრულდა, მეორე ნახევარში კი არგენტინელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს შესვენებამდე მოპოვებულ 6 ქულას 24 შემატეს.

მე-100 მატჩი სამშობლოში

ქუთაისში, „აია არენაზე“ გამართული შეხვედრა მე-100 იყო, რომელიც ბორჯღალოსნებმა 1989 წლიდან დღემდე სამშობლოში გამართეს. სულ საქართველოს 252 თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც მოიგო 154, ფრედ დაასრულა 9, 89 მატჩი კი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.
არგენტინა XV-ს ბორჯღალოსნები მეოთხედ შეხვდნენ და ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა – 2:2.
ბორჯღალოსნებს 37-ედ უკაპიტნა მერაბ შარიქაძემ და ამ მაჩვენებლით ილია ზედგინიძეს გაუტოლდა. 39 თამაშით პირველ ადგილზეა ირაკლი აბუსერიძე.
ბორჯღალოსნების კვართით 37-ედ ითამაშა მეორეხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა და პირველი ლელო გაიტანა.

ლაღად და ხელდახელ

იტალიასთან შეხვედრამდე ბორჯღალოსნებმა ქუთაისში ხარისხიანი გასახურებელი მატჩი გამართეს. პირველ ტაიმში ისინი ხელდახელ, მაღალ ტემპში უტევდნენ და რამდენჯერმე გაჭრეს ხაზი, რასაც ორი ლამაზი ლელო მოყვა, თუმცა, რომ არა შეცდომები, მინიმუმ ერთი ამდენი ლელოს გატანა კიდევ შეიძლებოდა.
პირველი ასეთი ეპიზოდი დებიუტშივე ვიხილეთ, როდესაც ვასილ ლობჟანიძემ ხაზი გაჭრა და ბურთი დავით ნინიაშვილს გაატანა, მან კი თავის მხრივ იერიშში სანდრო თოდუს ჩართვა სცადა, მაგრამ პასს სიზუსტე დააკლდა. ის, რაც არ გამოვიდა დებიუტში, იდეალურად შესრულდა მე-8 წუთზე. ცენტრის სიახლოვეს დანიშნული შერკინებიდან ბურთი ბექა გორგაძემ ლობჟანიძეს გაუტანა, ცენტრში შემოსულმა აკა ტაბუცაძემ მცირე ხვრელით ისარგებლა და ხაზი გაჭრა, რასაც თედო აბჟანდაძეზე ოფლოუდი მოყვა, მგეზავმა წინ წაიწია და გრძელი გადაცემა გააკეთა სივრცეში, სადაც მაღალ სიჩქარეში შევიდა ნინიაშვილი და ლელო ალამთან დაამიწა, აბჟანდაძემ კი რთული პოზიციიდან გარდასახა.
ბურთაობა მაღალ ტემპში გახურდა და მეტოქის ნახევარზე დაშვებულ შეცდომას კონტრშეტევა მოყვა, მაგრამ ნინიაშვილმა მოასწრო დაცვაში დაბრუნება და ჩვენი ლელოდან საფრთხე ძლიერი დარტყმით განმუხტა. ამას კიდევ რამდენიმე შეცდომა მოყვა და პრისიანტელიმ მე-15 წუთზე ახლოდან ჯარიმა გაიტანა, ერთ ეპიზოდში კი დაცვაში კარგად კვლავ ნინიაშვილი გაისარჯა და მეტოქეს ბურთი ხელიდან ამოაცალა.
22-ე წუთზე საქართველომ ჯარიმით 3 ქულის აღებაზე უარი თქვა, მოლის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა, ნინიაშვილმა ცრუმოძრაობის შემდეგ ხაზი გაჭრა და თავად მიზანს ვერ მიწვდა, თუმცა მიმყოლ აბჟანდაძეს პასი არ დაუგვიანა და თედომ ლელოს ძელის გავლით გარდასახვა მიაყოლა. არგენტინამ 29-ე წუთზე კვლავ ჯარიმით გვიპასუხა, მალე კი საქართველოს კარგი შეტევის შემდეგ ლობჟანიძემ ბურთი ფეხით ლელოში გადაკიდა. რომ არა ხარიხა, დიდი ალბათობით ნინიაშვილი მას ლელოში დაამიწებდა, ასე კი ოვალმა მოედანი დატოვა – 14:6.
ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ჯარიმა შორიდან ააცილეს, მერე ჩვენი შეცდომის გამოყენება სცადეს, მაგრამ დაცვაში თოდუა და ნინიაშვილი საიმედოდ გაისარჯნენ.

უბურთოდ მეორე ტაიმში

პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ტაიმში არგენტინელებმა შეძლეს თავისი თამაშის თავს მოხვევა. დროის უმეტესი ნაწილი უბურთოდ დავრჩით და ამით მეტოქემ ისარგებლა. პრისიანტელის ჯარიმას აბჟანდაძემ 2 წუთში უპასუხა, რასაც შეცვლები მოყვა და სანამ ჩვენი თამაში დალაგდა, მეტოქემ ორი გარდასახული ლელო გაიტანა.
59-ე წუთზე სამხრეთელებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დაძრეს და ის სანტიაგო სოსინომ დაასრულა, ორიოდე წუთში კი, დერეფნის შემდეგ სუფთად გაიჭრა ხაზი და ერთი პასის შემდეგ სანტიაგო რუის შემჩერებელი აღარავინ იყო. ალბორნოსი გარდასახვებიდან ზუსტი იყო. საქართველოს ორჯერ შეეძლო ჯარიმით ჩამორჩენის შემცირება, თუმცა ლელოზე თამაში არჩია, მოლით მიზანს ვერ უწია და სტუმართა 22-იდან უქულოდ გამოვიდა.
73-ე წუთზე არგენტინას მოლით ლელოს გატანის შესაძლებლობა აღარ მივეცით, მაგრამ ფორვარდების მიძალება 7 ქულით მაინც დასრულდა. ბორჯღალოსნებმა დასკვნითი წუთები ძალისმიერ შეტევებში გაატარეს და სულ ბოლოს ნოდარ ჭეიშვილმა ლელოც გაიტანა, აბჟანდაძემ კი არეკნით გარდასახა, მაგრამ თამაშის შემოსაბრუნებლად დრო აღარ რჩებოდა – 24:30.
ეს იყო კარგი გასახურებელი თამაში იტალიასთან მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, რომელსაც 10 ივლისს ბათუმში, ახალ სტადიონზე დავუხვდებით.
საქართველოში ჩამოსვლამდე იტალია ჯერ ჩვენს მესამე მეტოქე პორტუგალიას ეთამაშა და 38:31 დაამარცხა, მერე კი რუმინეთს 45:13 სძლია.

3 ივლისს. ქუთაისი.
საქართველო – არგენტინა XV 24:30 (14:6)
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე.

3 ლელო: ნინიაშვილი, აბჟანდაძე, ჭეიშვილი

3 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 ჯარიმა: აბჟანდაძე