20-წლამდელები ზაფხულის 6 ერზე უელსთან დამარცხდნენ

0
4

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უელსელ თანატოლებს პირველ ტაიმში სამი ძალისმიერი ლელო გაუტანეს და 21:13 დაწინაურდნენ, მაგრამ გაწითლებულ დროზე მეტოქის ლელოდან 6 მეტრში საკუთარი დერეფანი პირველად ვერ მოიგეს და მხოლოდ ნუგეშის ქულას დასჯერდნენ – 24:30.
იტალიასთან მატჩის მსგავსად, უელსთანაც დავთმეთ ფეხით ტაქტიკური თამაში, რის გამოც საკუთარ ნახევარზე დიდი დროის გატარება მოგვიწია. პრობლემები იყო დისციპლინის კუთხითაც და ორი სინბინის გამო მოედანზე რამდენიმე წუთით 13 კაცით დავრჩით. სამაგიეროდ კარგი იყო დერეფანი და მოლი, რასაც სამი ლელო მოყვა, ასევე დაცვაში თამაში და რამდენჯერმე დომინანტური ბოჭვით მეტოქე წნეხში მოვაქციეთ.
20-წლამდე ექვსი ერის მეორე ტურის შეხვედრა საქართველომ არეულად დაიწყო. უელსმა ჩვენს ნახევარზე გამოგვკეტა და ფრთებზე ბურთის გაშლით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, რასაც მე-9 წუთზე ლელო მოყვა. მე-12 წუთზე გადაკიდებულ ბურთზე თამაშისას უკვე მოწინააღმდეგე შეცდა, შერკინებას ჯარიმა და 5-მეტრიანი დერეფანი მოყვა, მოლი კი ლელოთი გიორგი მაისურაძემ დაასრულა და მატის მოდებაძემ გარდასახვის შემდეგ 7:5 დაგვაწინაურა.

ტაიმის შუაში ჩვენს 22-ში უელსელებს ბურთი ავართვით, მაგრამ რაქში გადაყრისას უხეში თამაშის გამო დავჯარიმდით, რატი ზაზაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, უელსმა კი იოლი ჯარიმა გაიტანა. 27-ე წუთზე მოდებაძემ შემტევს ფეხი დაუდო, რაც ვიდეო რეფერიმ შენიშნა, მანაც ყვითელი ბარათი მიიღო და უელსმა 2-კაციანი უპირატესობა ლელოდ აქციად. თამაში განახლდა თუ არა უკვე უელსი დაჯარიმდა, პოზიცია დასარტყმელი იყო, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ლელოზე თამაში არჩიეს. ასე მოხდა მომდევნო ეპიზოდშიც და ამან შედეგი გამოიღო. ჯერ კიდევ კაცნაკლულმა ქართველებმა ფორვარდებით შეუტიეს და ბექა შვანგირაძემ ლელო გაიტანა, ლუკა სახელაშვილმა კი გარდასახა.
ტაიმის დარჩენილი წუთები მეტოქის ნახევარზე გავატარეთ. აგრესიული ბოჭვებით უელსელებს შეცდომები დავაშვებინეთ, ზედ შესვენების წინ 23 მეტრი მოლით ვიარეთ და გიორგი კერვალიშვილმა მესამე ლელო გაიტანა, მოდებაძე კი გარდასახვიდან არც ამჯერად შეცდა – 21:13.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად მეტოქის შეტევებით დაიწყო, რასაც ჯერ სწრაფი ლელო მოყვა, მერე კი ჯარიმა. 54-ე წუთზე დაწინაურების შანსი გვქონდა, მოლი ამჯერადაც კარგად დაიძრა, თუმცა მას ნაადრევად მოწყდა ნიკა სუთიძე და ლელოში შესულს მცველებმა დამიწების შესაძლებლობა არ მისცეს. ტაიმის შუაში უელსმა ფეხით ფრთაზე გადაკიდების შემდეგ კიდევ ერთი ლელო გაიტანა და 9 ქულით დაწინაურდა.
დასკვნით წუთებში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს შეტევების ორგანიზება და ისევ ნაცადი ხერხით შეუტიეს. ლელოში შესულ ალექსანდრე ქუნთელიას მცველებმა ბურთი არ დაამიწებინეს, თუმცა კარის წინ ჯარიმა დაგვიბრუნდა. პეტრე ხუციშვილმა სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა. დასკვნით წუთებში ჩვენი 22-დან ხელით პაატა გალდავამ შეუტია და ბურთი ვიტალი ირემაძეს გაატანა, რომელიც იძულებული იყო ფეხით ეთამაშა, მაგრამ კარგად იმუშავა ჩახურვამ და ჯარიმით უელსელთა 22-ში შევედით, გაწითლებულ დროზე კი, დერეფანი ლელოდან 6 მეტრში მივიღეთ. აი აქ დავკარგეთ ჩვენი პირველი დერეფანი და უმცროსი ბორჯღალოსნები ტურნირზე პირველ, ნუგეშ-ქულას დასჯერდნენ – 24:30.
საქართველო ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 6 ივლისს, შოტლანდიასთან გამართავს, ფლეი ოფის ეტაპი კი 12 ივლისსაა.
20-წლამდე 6 ერის ზაფხულის სერიები
30 ივნისი. ტრევიზო. მეორე რაუნდი
უელსი – საქართველო 30:24 (13:21)
საქართველო

ხაზი: 15. ლუკა სახელაშვილი, 14. შალვა აფციაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. გაგა ქევხიშვილი, 10. მატის მოდებაძე, 9. კოტე იაშვილი;

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. გიორგი მაისურაძე, 3. ბადრი ციხისთავი, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. გიორგი კერვალიშვილი, 6. ლაშა ციხისთავი, 7. რატი ზაზაძე, 8. ბექა შვანგირაძე;

მარქაფა: 16. ნიკა სუთიძე, 17. დავით გველესიანი, 18. ალექსანდრე ქუნთელია, 19. პაატა გალდავა, 20. ბექა გელხვიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. პეტრე ხუციშვილი, 23. საბა ლიპარტელიანი, 24. თორნიკე ბაიხოიძე, 25. გიორგი ნავროზაშვილი, 26. ვიტალი ირემაძე.

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

3 ლელო: მაისურაძე, შვანგირაძე, გიორგი კერვალიშვილი

3 გარდასახვა: მოდებაძე (2), სახელაშვილი

1 ჯარიმა: ხუციშვილი

2 სინბინი: ზაზაძე, მოდებაძე