ზაფხულის საშინაო თამაშებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

0
5

პირველად 2015 წლის შემდეგ, ბორჯღალოსნები ზაფხულში სამშობლოში დარჩებიან და ქუთაისში და ბათუმში ზედიზედ სამ ტესტ-მატჩს გამართავენ.
3 ივლისს ქუთაისში არგენტინა XV-ს 18 საათზე ვეთამაშებით, 10 ივლისს პირველად ვთამაშობთ ბათუმის ახალ სტადიონზე და იტალიის ეროვნულ ნაკრებს პირველად ვიღებთ შინ! – თამაში 20 საათზე დაიწყება, ზაფხულის სერიას ბორჯღალოსნები 16 ივლისს ქუთაისში პორტუგალიის წინააღმდეგ დაასრულებენ. თამაში 18 საათზე, აია არენაზე გაიმართება.
სამივე თამაშის ბილეთებიიყიდება აქ: www.tkt.ge/rugby
როგორც წესი, ზაფხულში ევროპული გუნდები ტესტ-მატჩების გასამართად სამხრეთში მიემგზავრებიან, თუმცა არის გამონაკლისებიც. 2013-2015 წლებში თბილისის თასის მასპინძლობის შემდეგ, საქართველოს ზედიზედ სამი თამაში სამშობლოში აღარ ჩაუტარებია.
კონკრეტულად ზაფხულის პერიოდს თუ გავიხსენებთ, ბოლო 7 წელიწადში შინ სულ სამი თამაში გავმართეთ – 2018 წლის 31 მაისს თბილისში ფრანგ ბარბაროსებთან (16:15), 2019 წლის 31 აგვისტოს თბილისში შოტლანდიასთან (10:44) და 2021 წლის 26 ივნისს თელავში ჰოლანდიასთან (48:15).
მომავალ თამაშებთან და ბილეთების გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ განაცხადა:
„რაგბის გულშემატკივარს ივლისში ნამდვილი სარაგბო ზეიმი ელოდება. ბევრი რამ მოხდება პირველად – პირველად ვითამაშებთ ბათუმის ახალ სტადიონზე, სადაც ძალიან კარგი ატმოსფეროა. მნიშვნელოვანია მსოფლიოს ვანახოთ, როგორი მაგარი სტადიონები გვაქვს და როგორ შეგვიძლია თამაშების უმაღლეს დონეზე ორგანიზება. ასევე პირველად ვეთამაშებით საქართველოში იტალიას, რომელიც მეორე ტიერ1-ის ქვეყანაა შოტლანდიის შემდეგ, რომელიც ჩვენთან ჩამოდის.
მოხარულები ვართ, რომ უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა. გვაქვს იმედი, რომ როგორც ბათუმში, ასევე ქუთაისში, მეტოქეებს სავსე ტრიბუნებით დავხვდებით. სამივე თამაშს სხვადასხვა მნიშვნელობის დიდი დატვირთვა აქვს და გულშემატკივრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. ის, რომ თამაშები ქუთაისსა და ბათუმში იმართება, დასავლეთ საქართველოში რაგბის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ველოდებით გულშემატკივრის აქტიურობას და სულმოუთმენლად ველით თამაშების სერიის დაწყებას“.
მეტოქეები – არგენტინა XV, იტალია და პორტუგალია
მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე, ზაფხულში ბორჯღალოსნებს სამი მნიშვნელოვანი თამაში ელის და სამივე საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე.
3 ივლისს ქუთაისში არგენტინა XV-ს ვმასპინძლობთ, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი გუნდის უახლოესი რეზერვია. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძლიერ, ტექნიკურ და სწრაფ მოწინააღმდეგესთან შეხვედრა ჩვენი გუნდისათვის ბევრი სარგებლის მომტანი იქნება, ის დაგვეხმარება წლის უმთავრესი მატჩისთვის მომზადებაში, რომელსაც 10 ივლისს ბათუმში გავმართავთ.
არგენტინა XV-თან აქამდე სამჯერ გვითამაშია და სამივე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. 2009 წელს, ქართული რაგბის 50 წლის იუბილეზე მეტოქეს „დინამო არენაზე“ 24:22 ვძლიეთ; 2011 წელს მათ ბუქარესტის მსოფლიო რაგბის ერთა თასზე 14:13 მოვუგეთ; 2014 წლის თბილისის თასზე გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 16:26. არგენტინა XV-მა უკვე დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა, რომლითაც საქართველოში ჩამოდის და მასში არგენტინის პირველი ნაკრების რამდენიმე მოთამაშეა, რაც მომავალ დაპირისპირებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
10 ივლისს საქართველო დიდი ხნის ნანატრ მეტოქეს, იტალიას ბათუმში მასპინძლობს. იტალია ელიტარული გუნდებიდან საქართველოსთან ყველაზე ახლოს მდგომი ნაკრებია. მიუხედავად იმისა, რომ წელს „აძურა“ საუკეთესო ფორმაშია და ეს ექვს ერზეც დაამტკიცა, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მასთან ისტორიული გამარჯვების მოპოვების რეალური შანსი გვექნება. იტალია, შოტლანდიის შემდეგ, მეორე ელიტური გუნდია რომელიც სქართველოში სათამაშოდ ჩამოდის.
აქამდე იტალიასთან 4-ჯერ გვითამაშია, 4-ივეჯერ სტუმრად და ყველა ჯერზე გამარჯვება მეტოქეს დარჩა: 1998 წელს ლაკვილაში 31:14; 2000 წელს ლივორნოში 51:7; 2003 წელს ასტიში 31:22 და 2018 წელს ფლორენციაში 28:17.
და ბოლოს, 16 ივლისს პორტუგალიის ნაკრებს მივიღებთ, რომელიც ერთადერთია რაგბი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთაგან, რომელსაც წელს ვერ მოვუგეთ (25:25) და ახლა ბორჯღალოსნებს მეტოქეზე საკუთარი უპირატესობის დამტკიცების შესაძლებლობა ექნებათ. აღსანიშნავია, რომ პორტუგალია 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის იბრძვის და საკონტინენტთაშორისო შესარჩევი ფლეი ოფის წარმატების გადალახვის შემთხვევაში, საფრანგეთში „გ“ ჯგუფში საქართველოსთან ერთად იქნება.
აქამდე „ლობუშთან“ 23-ჯერ გვითამაშია (10 შინ, 12 სტუმრად და 1 ნეიტრალურზე), მოვიგეთ 16, დავთმეთ 4 (ბოლოს 2005 წელს) და ფრედ დავასრულეთ 3.