ნიდერლანდების და უელსის მატჩში დრამა გამეორდა, დეპაი ვან პერსის უახლოვდება

0
3

ერთა ლიგის A ლიგის მე-4 ჯგუფში გამართული მე-4 ტურის შეხვედრაში ნიდერლანდები ეროვნულმა გუნდმა უელსი მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
როტერდამში გამართული მატჩის მე-17 წუთზე მასპინძლები ლანგმა დააწინაურა, რომელმაც ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მიიღო, ორი მცველი ჩამოიცილა და ზუტად დაარტყა. 23-ე წუთზე გაკპომ სტუმართა კარი მეორედ აიღო, რასაც გოლით ჯონსონმა უპასუხა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გარეთ ბეილმა პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ერთ წუთში მემფის დეპაიმ გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ამ გუნდებს შორის კარდიფში ჩატარებულ პირველ მატჩში უელმა ანგარიში ასევე არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში გაათანაბრა, მაგრამ მოგვიანებით გოლი მაინც გაუშვა და 1:2 წააგო.
დეპაიმ ნაკრების მაისურით 42 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კლას იან ჰუნტელარს გაუთანაბრდა. „ნარინჯისფერთა“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 50 გოლით რობინ ვან პერსია.
ნიდერლანდები 10 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა, ხოლო უელსი ერთი ქულით ბოლოა.
მე-4 ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში პოლონეთმა ბელგიას უმასპინძლა და 0:1 წააგო. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე ბაჩუაიმ გაიტანა. ბელგია 7 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო პოლონეთი 4 ქულით მესამეა.