ქარის თასი | “შავი ლომი” პლეი-ოფშია

0
2

“შავმა ლომმა” ქარის თასის რეგულარული გათამაშება მოწინავე ოთხეულში დაასრულა და ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
იმისათვის, რომ მეტოქეებს შანსი არ ქონოდათ, ქართულ ფრენჩაიზს ‘ლეოპრადსი’ უნდა დაემარცხებინა და თანაც ისე, რომ ოთხი ლელოს გატანით ბონუსიც აეღო. ქართველებმა ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი. ‘იგლზის’ მსგავსად, მეტოქე აქაც კერკეტი აღმოჩნდა და გუნდს მიზნის მისაღწევად როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, გვარიანი მუშაობა მოუწია.
‘შავი ლომი’ ცდილობდა, რომ უპირატესობისთვის როგორც ძალისმიერი, ასევე ხელდახელ თამაშით მიეღწია და ეს გამოუვიდა კიდეც. მასპინძლებს მატჩის დებიუტში ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ჯარიმიდან დარტყმული არაზუსტი იყო. მე-10 წუთზე ქართველების ჯერი დადგა, შერკინებიდან ბურთი ლაშა ლომიძეზე გავიდა, მან იერიშში ლუკა მატკავა ჩართო, რომელმაც გრძელი გადაცემით აკა ტაბუცაძე მოძებნა და შებოჭილმა ფრთამ ლელოში ბურთი მირიან მოდებაძეს შეაყოლა.
28-ე წუთზე ხაზზე ბურთი უკვე მოლის შემდეგ გაიშალა და ბოლომდე ჩათამაშდა, სადაც მეტობით დემურ თაფლაძემ ისარგებლა და ლელო ალამთან დაამიწა. მასპინძლებმა სწრაფად გვიპასუხეს, ახლა მათ დააყენეს მოლი, ლელოს გარდასახვაც მიაყოლეს და ტაიმი 10:7 მოვიგეთ.
‘შავმა ლომმა’ ‘ლეოპარდს’ მეორე ტაიმის დასაწყისში უპასუხა, ახლა თავად დააყენა კარგი მოლი, რომელმაც ღერძი იცვალა და თენგიზ ზამთარაძემ ლელო დაამიწა, ხოლო მატკავამ გარდასახა. აფრიკელებმა მოლის შემდეგ გატანილი ლელო-გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე კიდევ ერთხელ დაიყვანეს. ‘შავ ლომს’ ბონუსისთვის კიდევ ერთი ლელო ჭირდებოდა, ჯარიმები კარში არ დაარტყა, 59-ე წუთზე მოლი თავად ააგორა და ამჯერად ის ლელოთი ნიკა პატარაიამ დაასრულა. მატკავა გარდასახვიდან ზუსტი იყო.
‘ლეოპარდსი’ არ დანებდა და დასკვნითი 20 წუთი შეტევებში გაატარა. 65-ე წუთზე კოკი თხილაიშვილი სინბინით დაისაჯა და კაცნაკლული დავრჩით, მაგრამ თავგანწირული დაცვა ვითამაშეთ და გავძელით, 24:14 გავიმარჯვეთ და ფლეი ოფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.
რადგან მდევარმა ‘იგლზმა’ დიდი სხვაობით მოიგო და გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობა შეიქმნა, ‘შავი ლომი’ მეოთხე ადგილზე გავიდა და 18 ივნისს ნახევარფინალში ‘გრიფონსს’ ეთამაშება.

ქარის თასი. X ტური. 11 ივნისი
პოჩეფსტრუმი„ოლენ პარკი“.
შავი ლომი – ლეოპარდსი 24:14

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. დემურ თაფლაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. კოკი თხილაიშვილი, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. მიხეილ ორაგველიძე, 18. ნიკა პატარაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. სანდრო ქოიავა; 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ალექსანდრე თოდუა.

4 ლელო: მოდებაძე, თაფლაძე, ზამთარაძე, პატარაია

2 გარდასახვა: მატკავა

2 სინბინი: თხილაიშვილი, მოდებაძე