ვილი სანიოლი: “ბულგარეთთანაც მოსაგებად უნდა ვითამაშოთ”

0
13

ვილი სანიოლის მიზანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ის მენტალობა შეინარჩუნოს, რომელიც ამჟამად აქვს. ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის მე-4 ტურში ხვალ თბილისში ბულგარეთთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ასევე ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი დაესწრო.
ვილი სანიოლი: „მინდა, ტოდორ ნედელევს გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენთვის დიდი შოკი იყო, როცა ეს ამბავი გავიგეთ. ის ჩვენი კოლეგაა და ვაცნობიერებთ, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ეს ამბავი შეემთხვას.
„საქართველოს ნაკრების სახელით მინდა ტოდორ ნედელევს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენთვის ძალიან დიდი შოკი იყო ამ ამბის გაგება. ფეხბურთელები თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ, რადგან ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი რამ შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს შეემთხვეს.

ის, რაც ახლა რთული პერიოდის შემდეგ ხდება, არის ჩვენი შრომის შედეგი. გუნდი პროფესიონალი ფეხბურთელებისგან შედგება და ისინი არ დაუშვებენ ეიფორიას. ამჟამად 29 ფეხბურთელი გვყავს და თამაში ყველას შეუძლია. ბოლო შეკრების ფარგლებში ბევრი ვიშრომეთ და შედეგად გვაქვს დიდი კონკურენცია, რაც ძალიან გვეხმარება. თითოეული მოთამაშე ყოველთვის მზად არის სათამაშოდ, ყველა აკეთებს საკუთარ საქმეს, მათთვის ეროვნული ნაკრების მნიშვნელობა პრიორიტეტულია და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ერთა ლიგის დაწყებამდე 6-7 დღე გვქონდა ვარჯიშისთვის და ბევრ ელემენტზე, მათ შორის, სტანდარტულ სიტუაციებზე ვიმუშავეთ. სხვა დროს ამდენი დრო არ გვაქვს. მომენტების შექმნაში მნიშვენელოვანია თავდაჯერებაც და ფეხბურთელები ამას გრძნობენ, არ ეშინიათ რისკზე წასვლის და ცდილობენ რაღაც ახალი გააკეთონ. გიორგი წიტაიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან შესანიშნავად ითამაშა მარცხენა ფლანგზე. ირაკლი აზაროვიც ძალიან კარგი იყო ბულგარეთთან და ბედნიერი ვარ, რომ ორი ასეთი ფეხბურთელი გვყავს. არც გურამ გიორბელიძე მავიწყდება, რომელიც განსხვავებული უნარებით გამოირჩევა და ნამდვილი მებრძოლია. ასე რომ, მაქვს არჩევანი ფეხბურთელებს შორის და ჩემთვის ეს ძალიან კარგია. ვიცი, რომ როდესაც წიტაიშვილი თამაშობს, აზაროვი ამის გამო დამწუხრებული არ არის. ეს ჯანსაღი კონკურენციაა, რომლითაც ფეხბურთელები ერთმანეთს აძლიერებენ, უბიძგებენ უფრო მეტი შრომისთვის. ეს ბუნებრივია ფეხბურთისთვის და ფანტასტიკურია ჩემთვის.
გუნდში სამი მაღალი დონის მეკარე გვყავს. გიორგი მამარდაშვილის სასტარტოში გამოჩენას რისკიან გადაწყვეტილებად ვერ ჩავთვლი. მას დიდი გამოცდილება აქვს მადრიდის რეალის, ბარსელონას დონის გუნდებთან თამაშის. ირაკლი აზაროვი, რომელმაც ბულგარეთთან ძალიან კარგად ითამაშა, დაღლილი იყო. ამ პოზიციაზე სიახლე გვჭირდებოდა და ამის გამო ითამაშა წიტაიშვილმა. ამავე პოზიციაზე კარგი შეხვედრა ჩაატარა გიორბელიძემ გიბრალტარის წინააღმდეგ, ყაზაიშვილმა კარგად შეცვალა კვარაცხელია, მიქაუტაძესაც კარგი თამაში ჰქონდა… ლორია ითამაშებს, თუ მამარდაშვილი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, გუნდის დონე უცვლელი უნდა დარჩეს. იგივეა სხვა პოზიციებთან მიმართებაშიც. ფეხბურთელებმა იციან, რომ მწვრთნელს გადაწყვეტილება აქვს მისაღები. ჩემთვის მთავარია, რომ ყოველთვის სამართლიანად გავაკეთო ეს არჩევანი. როდესაც მოთამაშეებთან სამართლიანი არ ხარ, ამას ცუდი ატმოსფერო შემოაქვს გუნდში. ამ ერთა ლიგამ მაჩვენა, რომ ჩემი ყველა გადაწყვეტილება შესაძლოა სწორი არ იყო, თუმცა ყოველთვის სამართლიანი ვარ.
ბექა მიქელთაძე გიორგი ქვილითიას ტრავმის შემდეგ შემოგვიერთდა. მართალია, სამივე შეხვედრაში განაცხადს მიღმა დარჩა, ისევე როგორც ჩაბრაძე, თუმცა ვარჯიშზე ისინი ბოლომდე იხარჯებიან და ნამდვილი პროფესიონალები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ისწავლონ როგორ ცხოვრობს ნაკრები, ნახონ როგორ ვვარჯიშობთ, იგრძნონ ასეთი მაღალი დონის გამოცდილება და ახლო ან ძალიან ახლო მომავალში კონკურენტუნარიანები იყვნენ. ზივზივაძე და მიქაუტაძე ძალიან კარგ ფორმაში არიან და მათთან კონკურენცია რთულია ბექასთვის, თუმცა სამომავლოდ მისთვის ეს ძალიან კარგია.
გიორგი ჩაკვეტაძის გამოძახება სტაფთან ერთად გადავყწიტე, მიუხედავად იმისა, რომ ჰამბურგში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. ვიცოდით, რომ ეს მისთვის საუკეთესო სიტუაცია არ იყო, თუმცა გვინდოდა, გაგვეხმნევებინა. გიბრალტართან თამაშით კმაყოფილი ვარ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მომენტს პირველ ტაიმში. სხვების მსგავსად, ჩაკვეტაძეც გუნდის ნაწილია. ჩვენთან კონკრეტული ფეხბურთელები არ იგებენ და არ აგებენ მატჩს, იგებს საქართველო და აგებს საქართველო.გულახდილად რომ გითხრათ, ბოლო 2 კვირის განმვლობაში დადებითად გაკვირვებული ვარ ჩაკვეტაძით, ის ბევრს მუშაობს, კარგად ითამაშა გიბრალტართან და განაცხადს მიღმა დარჩენის შემთხვევაშიც სახეზე ღიმილი ჰქონდა. თუ სურს, რომ ერთ დღეს უმაღლესი დონის მოთამაშე გახდეს, ის ნამდვილად კარგ გზაზეა. მისგან ბუნებრივია უფრო მეტს ვითხოვთ, თუმცა შესაძლოა ეს რაღაც საინტერესოს დასაწყისში იყოს”.
ოთარ კიტეიშვილი: “მინდა, პირველ ყოვლისა დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს ჯანმრთელობა ვუსურვო და დელეგაციის წევრებსაც მხარდაჭერა გამოვუცხადო, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ყველანაირად.
პირველი ტრავმის გამო 6 თვე გამიცდა, შემდეგ დავბრუნდი და მერე ისევ თვენახევარი გამოვტოვე. ამიტომ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად 8-9 თვე არ მითამაშია. რთულია პასუხის გაცემა ვარ თუ არა, 90 წუთის სათამაშოდ მზად, მაგრამ ყოველ ვარჯიშზე ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გავიუმჯობესო ჩემი კონდიცია და იმედი მაქვს, რომ მალე 90 წუთსაც ვითამაშებ.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ერთ კვირაში სამი მატჩი მოვიგეთ, გულშემატკივარი ყველა შეხვედრაში ჩვენთან ერთად იყო და ხვალაც სავსე სტადიონს ველოდებით. გუნდში ძალიან კარგი კონკურენციაა, ყველანი მზად ვართ თამაშისთვის. სამი ტურის შემდეგ 9 ქულა გვაქვს და შეიძლება მეტ-ნაკლებად ფავორიტებად ვითვლებოდეთ, მაგრამ ეს საქმე დასასრულებელია. ხვალაც მოსაგებად უნდა ვითამაშოთ, რადგან ამ გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ”.
საქართველო-ბულგარეთის მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.