საქართველოს ნაკრების მასტერკლასი სკოპიეში

0
16

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში სოფიაში ბულგარეთთან 5:2 გამარჯვები შემდეგ, სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას საუცხოო სტილში აჯობა და 9 ქულით ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. საქართველოს ნაკრები მაკედონიელებს მეოთხედ დაუპირისპირდა და პირველად მოუგო – მანამდე ორი თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო ერთხელ ბალკანელებმა გაიმარჯვეს. ჩვენმა გუნდმა არსებობის ისტორიაში გასვლაზე ზედიზედ ორი ოფიციალური შეხვედრა პირველად მოიგო, ხოლო წაუგებელი მატჩების სერია შვიდამდე (6 გამარჯვება და 1 ფრე) გაზარდა.
ბულგარეთთან მატჩთან შედარებით ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში ორი ფეხბურთელი შეცვალა – ლორიას მაგივრად კარში გიორგი მამარდაშვილი ჩადგა, ხოლო ირაკლი აზაროვის ადგილი მარცხენა ფლანგზე გიორგი წიტაიშვილმა დაიკავა, რომელმაც სოფიაში მატჩი გიბრალტართან მიღებული ტრავმის მიზეზით გამოტოვა. მამარდაშვილმა ნაკრებში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
საქართველოს ნაკრებმა იმავე ტაქტიკით ითამაშა რაც რაზგრადში – დაცვის ცენტრში გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა და საბა კვერკველია იდგნენ, რომლებსაც მარჯნოდან ოთარ კაკაბაძე ეხმარებოდა, ხოლო მარცხნიდან – წიტაიშვილი. ნახევარდაცვის ცენტრში გიორგი აბურჯანია და ნიკა კვეკვესკირი მოქმედებდნენ, მათგან ოდნავ მარჯვნივ ზურიკო დავითაშვილი თამაშობდა, ხოლო მარცხნივ – ხვიჩა კვარაცხელია. გამოკვეთილი თავდამსხმელი მხოლოდ ბუდუ ზივზივაძე იყო.
თამაში დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ თავის საჯარიმოს სიახლოვეს ველკოვსკის გადაცემა კვარაცხელიამ ჩაჭრა და მეტოქის მცველს გაექცა, მაგრამ ძლიერად დაარტყა – დიმიტროვსკიმ ბურთი ხელებში დააფიქსირა. ტაიმის შუაწელში ტრაიკოვსკიმ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. 30-ე წუთზე დაახლოებით 20 მეტრიდან მასპინძლების კარს დავითაშვილი დაემუქრა და დიმიტრიევსკიმ ნახტომში ბურთი გაჭირვებით მოიგერია. საპასუხო შეტევის დროს, მაკედონიელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ელმასის დარტყმის შემდეგ, მამარდაშვილმა ბურთი ხელებში მეორე ცდით დააფიქსირა.
ცოტა ხანში, კვარაცხელიას პასის მერე დავითაშვილმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო  და მცველისთვის გვერდის ავლა მოინდომა, რაც ვერ შეძლო, არადა, სჯობდა პირდაპირ დაერტყა. ამას მაკედონიელების კონტრშეტევა მოჰყვა და მამარდაშვილის კარს ისევ ელმასმა შეუტია, თუმცა უშედეგოდ. ტაიმის მიწურულს მარჯვენა ფლანგინდა კვარაცხელიამ კუთხური ჩააწოდა და მაკედონიელებმა ბურთი კარგად ვერ „ამოიტანეს“, რის გამო ჩვენი ნაკრების შეტევა გაგრძელდა და ზივზივაძის დარტყმული დიმიტრევსკიმ გაანეიტრალა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში კვარაცხელიას შესრულებული კუთხურის მერე, ხოჭოლავამ თავით ძალიან სახიფათოდ დაარტყა და მაკედონიელები გოლის გაშვებას გადარჩნენ. 52-ე წუთზე, ხოჭოლავამ მასპინძლების მახევარზე წიტაიშვილი მოძებნა, რომელმაც მარცხენა ფრთიდან უზუსტესი პასი გაუკეთა ბუდუ ზივზივაძეს, ამ უკანასკნელმა კი. მუსლიუს დაასწრო და ანგარიში გახსნა – 0:1. ბუდუმ ერთა ლიგაში თავი ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა.

გოლის გატანიდან ერთ წუთში, საქართველოს ნაკრებმა ისევ შეუტია და წიტაიშვილმა ბურთი თავზე „დაასვა“ მოწინააღმდეგის საჯარიმოში გახსნილ დავითაშვილს, რომელმაც თავი ასპროცენტიანი გოლი ვერ გაიტანა.
62-ე წუთზე, კვარაცხელიამ ცრუ მოძრაობებით თავგზა აუბნია ჩურლინოვს და შორი მანძილიდან დაარტყა – ბურთი დიმიტრიევსკის ხელიდან გვერდით ძელს მოხვდა და კარში აღმოჩნდა – 0:2. კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრების მაისურით მე-8 გოლი მიითვალა. ის საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების ათეულში შევიდა.

70-ე წუთზე კვარაცხელიამ კარგ პოზიციაზე გაიყვანა კაკაბაძე, რომელსაც ზუსტად რომ დაერტყა ანგარიშს კიდევ უფრო გაზრდიდა. ამ ეპიზოდიდან მალე კვარაცხელიას გადაცემით ზივზივაძემ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ხვიჩაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 84-ე წუთზე, კვეკვესკირმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კარის შორეულ ძელთან ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა კიტეიშვილმა ერთი შეხებით გაიტანა – 0:3. მან ეროვნულ გუნდში თავი პირველად გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში მომდევნო თამაშს თბილისში ბულგარეთთან ჩაატარებს, რომელმაც სტუმრად გიბრალტართან (1:1) ფრე ითამაშა.
ჩრ.მაკედონია – საქართველო 0:3 (0:0)
9 ივნისი. სკოპიე. ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონი.
ჩრ.მაკედონია:
დიმიტრიევსკი; აშკოვსკი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი; ჩურლინოვი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, ელმასი; რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 59)მთავარი მწვრთნელი: ბლაგოია მილევსკი.
საქართველო:
მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა; კაკაბაძე (ლობჟანიძე 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი; დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71), კვარაცხელია (ყაზაიშვილი 83)
მთავარი მწვრთნელი:
ვილი სანიოლი.
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62), 0:3 კიტეიშვილი (84)
გაფრთხილება:
კაკაბაძე (21), ზივზივაძე (45), დ. ველკოვსკი (39), ბარდი (74), კვერკველია (74), ბაბუნსკი (82)
მთავარი მსაჯი:
როი რაინშრაიბერი (ისრაელი)


ლაშა თაბაგარი