ვერის ბაღის დარბაზში ესპანურ კლუბ “ბასკონიას” კემპი მიმდინარეობს

0
3

ესპანურ კორპორაცია “სასკი ბასკონიასა“ და  საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება, რომლის ფარგლებში საქართველოში ბასკონიას კემპი ტარდება.
კემპი ვერის საკალათბურთო დარბაზში 7 ივნისს დაიწყო და 12 ივნისამდე გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც ესპანელი სპეციალისტები 16 საუკეთესო კალათბურთელს შეარჩევენ და ვიტორიაში, გენერალურ კემპზე მიიწვევენ.
აღსანიშნავია, რომ „ბასკონიას“ მხრიდან ქართველი პერსპექტიული ახალგაზრდების მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება და მათ ესპანეთში მივლინებას ფედერაციასთან ურთიერთანამრომლობის საფუძველზე, „ბასკონიას“ ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს. წლეულს ბასკონიას კემპში 120 მოზარდი  კალათბურთელი მონაწილეობს, რომელთა ასაკიც 12-დან 15 წლამდეა.
კემპი საქართველოში 2015 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობა სულ 1000-მდე მოზარდმა კალათბურთელმა მიიღო.
„სასკი ბასკონია“ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო სკოლაა, რომელსაც ჰყავს ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდი. ნბა-სა და ევროპის წამყვან კლუბებში მოთამაშეების სელექციის მხრივ, ბასკონიას სკოლა პირველ სამეულში შედის.
კემპის სამწვრთნელო-სავარჯიშო და სასწავლო პროგრამები ევროპის წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით მიმდინარეობს და მისი მიზანი პერსპექტიული მოთამაშეების შერჩევაა. გამორჩეულ კალათბურთელებს ესპანელები გენერალურ კემპს ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში უტარებენ, სადაც საუკეთესო მოთამაშეებს მომავალი განვითარებისთვის კონტრაქტს  უფორმებენ და საკუთარ კლუბში იტოვებენ.
ესპანურ კორპორაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს მომავალში საქართველოში, კერძოდ, ვერის საკალათბურთო დარბაზში, “ბასკონიას” საკალათბურთო აკადემია გაიხსნება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორიენტირი ახალგაზრდა, მომავალი თაობაა და საქართველოში ბასკონიის აკადემიის პროექტი უმნიშვნელოვანესია მოზარდი სპორტსმენებისა და ზოგადად, კალათბურთის განვითარებისთვის.