ბლაგოია მილევსკი: “ჩემი გუნდი საქართველოსთან თავის სათქმელს იტყვის”

0
11

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ბლაგოია მილევსკის მიაჩნია, რომ დღეს ერთა ლიგია C ლიგის მე-4 ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩში, მისი ფეხბურთელები თავის სიტყვას იტყვიან. მან ამის შესახებ თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ასევე მაკედონიელთა მეკარე სტოლე დმიტრიევსკიც დაესწრო.
ბლაგოია მილევსკი: “ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალს ხვალინდელ თამაშთან არანაირი კავშირი არ აქვს და არ მსურს, მასზე ბევრი საუბარი. საქართველოს ნაკრები, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია. თუმცა, ხვალინდელი თამაშის შედეგი ჩვენზეც არის დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდიც იტყვის თავის სათქმელს. ინდივიდები გუნდში დიდ როლს ასრულებენ, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია და სწორედ ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული.
ამ ეტაპზე ჩემს გუნდს მეტს ვერ მოვთხოვ და კმაყოფილი ვარ წინა ორი მატჩით, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მჭიდრო კალენდარია. ჩვენი ძალები მაქსიმალურად გავანაწილეთ და ხვალინდელ მატჩში ჩვენს სიტყვას აუცილებლად ვიტყვით.
საქართველოს ნაკრები განსხვავებულია იმ გუნდისგან, რომელმაც პლეი-ოფის ფინალში ითამაშა. გუნდში ახალი მწვრთნელია, ახალი ფეხბურთელები არიან და ისე ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის, როგორც სხვა შეხვედრებისთვის, სრულად საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებული. საქართველოს ბულგარეთთან გამარჯვება? ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა თამაში განსხვავებულია და განვლილ თამაშს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ხვალინდელ მატჩთან”.
სტოლე დიმიტრიევსკი: “ორი წელი მე და ოთარ კაკაბაძე „ხიმნასტიკში“ თანაგუნდელები ვიყავით, თუმცა ხვალინდელ მატჩზე არ გვისაუბრია. ახლა მხოლოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებული და შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ. საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია, კარგი მოთამაშეები ჰყავს. ბულგარეთთან ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ ყველა თამაში განსხვავებულია და ხვალ რა მოხდება, ვნახოთ.
უზომოდ მიხარია, რომ სახლში ვითამაშებთ და გულშემატკივრებიც სრულად დაუშვეს. განსხვავებული განცდაა, როცა სავსე სტადიონზე თამაშობ. მე ყველა თამაშისთვის ერთნაირად ვემზადები, იმისთვის, რომ კარი მშრალად შევინახო.
საქართველო საგრძნობლად გაძლიერდა ჩვენთან თამაშის შემდეგ, უფრო მეტ გოლს იტანს და დაცვაშიც უკეთ თამაშობს, მაგრამ ჩვენ ვიცით საკუთარი შესაძლებლობები, არ მაშინებს ის ფაქტი, რომ საქართველომ ბულგარეთს 5 გოლი გაუტანა, რადგან ვიცი, რომ ჩემს წინ ძლიერი დაცვა დგას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შესაძლებლობებს გამოვავლენთ და გამარჯვებისთვის მზად ვართ. გოლს თუ არ გავუშვებთ, მოვიგებთ“.
საქართველოს ნაკრები 6 ქულით მე-4 ჯგუფის ლიდერია, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია 4 ქულით მეორეა.
ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის მატჩი სკოპიეში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.