ვილი სანიოლი: “იმედია, ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ”

0
20

ვილი სანიოლს ეიმედება, რომ ცდებოდა, როდესაც ჩრდილოეთ მაკედონია ჯგუფის ფავორიტად მოიხსენია და პირველ ადგილზე მისი გაწვრთნილი გუნდი გავა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა თავკაცმა ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში ხვალ სტუმრად სკოპიეში გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ასევე ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი დაესწრო.
ვილი სანიოლი: “როდესაც ფინალში საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა, მაშინ მთავარი მწვრთნელი მე არ ვყოფილვარ და ეს არ არის ჩემთვის რევანშის საკითხი. უმჯობესია ეს “კვეკვეს” ჰკითხოთ. მართალია, იგივე გათამაშებაა, მაგრამ სრულიად სხვა კონტექსტით. არ არის მთავარი რაც წელიწადნახევრის წინ იყო, მთავარია რაც ბოლო 7 დღის განმავლობაში ხდება და რა იქნება მომავალში. თუ ამ ინტენსივობას შევინარჩუნებთ, თბილისში აუცილებად გახარებულები დავბრუნდებით. ყველა მოთამაშე მწყობრშია და მზად არის ხვალინდელი მატჩისთვის.
როცა გათამაშება იწყებოდა ვთქვი, რონ ჯგუფის ფავორიტი ჩრდილოეთ მაკედონია იქნებოდა. ეს იმიტომ განვაცხადე, რომ ამის მჯეროდა. ფაქტია, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, შემდეგ იტალია დაამარცხეს. თუმცა, ერთია საუბარი და მთავარია მოედანზე რა იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვები შეცდომა იქნება და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაცვლად პირველ ადგილს ჩვენ დავიკავებთ.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებზე სიღრმისეულად აქ ვერ ვისაუბრებ. პირველ მატჩში ბულგარეთთან მაკედონია უკეთესი იყო და გამარჯვებას იმსახურებდა, გიბრალტარში კი ხელოვნური საფარია და იქ თამაში ადვილი არასდროსაა. მესამე და მეოთხე მატჩი ჯგუფში ალბათ ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩრდილოეთ მაკედონიას გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ არ მინდა უფრო მეტად ფოკუსირება მეტოქეზე მოვახდინო. ჩვენ აქცენტს საკუთარ თავზე ვაკეთებთ და მოედანზე მაქსიმუმის ჩვენებას ვეცდებით”.
საქართველოს ნაკრები 6 ქულით მე-4 ჯგუფის ლიდერია, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია 4 ქულით მეორეა.
ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის მატჩი სკოპიეში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.