7-კაცა | მსოფლიო თასის შესარჩევს ბუქარესტი უმასპინძლებს

0
3

2022 წლის 7-კაცა რაგბის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი 16-17 ივლისს რუმინეთში, ბუქარესტში გაიმართება. როგორც კაცთა, ასევე ქალთა ტურნირში 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კაცთა ტურნირის 11 მონაწილე უკვე ცნობილია და ესენი არიან: ესპანეთი, გერმანია, ლიტვა, საქართველო, პორტუგალია, იტალია, პოლონეთი, ჩეხეთი, ბელგია, ირლანდია და უელსი. მე-12 მონაწილის ვინაობა რაგბი ევროპის „ალაფის“ რეიტინგის მიხედვით, მოგვიანებით გაირკვევა.
ევროპის ზონიდან კაცთა 7-კაცა მსოფლიო თასზე თამაში უკვე დაბევებული აქვთ ინგლისს და საფრანგეთს.
ქალთა ტურნირში ითამაშებენ: პოლონეთი, ესპანეთი, ბელგია, უელსი, გერმანია, რუმინეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ინგლისი და იტალია. შესარჩევი ტურნირის ორი მონაწილე რაგბი ევროპის „ალაფის“ შედეგების მიხედვით გაირკვევა.
მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, 7-კაცა ტურნირებში თითოეულ გუნდს განაცხადში 12-ის ნაცვლად 13 მოთამაშის ყოლის უფლება ექნება. „არკულზე“ თითოეული გუნდი დღეში 2 თამაშს გამართავს: შაბათს ჯგუფური ეტაპის ორ-ორი შეხვედრაა, კვირას ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩია და ის გუნდები, რომლებიც საერთო რეიტინგში 1-8 ადგილებს დაიკავებენ, მეოთხედფინალს ითამაშებენ.
მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი აქ დასრულდება. ევროპის შესარჩევი ზონიდან მსოფლიო თასზე კაცებშიც და ქალებშიც 4-4 გუნდი გადის. შესაბამისად, ნახევარფინალისტებს სამხრეთ აფრიკაში, ქეიფთაუნში 9-11 სექტემბერს გასამართი ჩემპიონატის საგზური მოპოვებული ექნება და ისინი შესარჩევ ტურნირში საბოლოო ადგილებს აღარ გაითამაშებენ.
შეგახსენებთ, მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირამდე საქართველოს 7-კაცა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორ ეტაპს ითამაშებს, 7-ქალას კი რაგბი ევროპის „ალაფის“ ორი ეტაპი ელის.