საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო. დიდიე დეშამის გაწვრთნილი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პირველ ჯგუფში სპლიტში ხორვატებს დაუპირისპირდა და მხოლოდ ქულა აიღო. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 52-ე წუთზე ბენ იედერის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ადრიენ რაბიომ ანგარიში გახსნა, ხორვატებმა საპასუხო ბურთი 83-ე წუთზე გაიტანეს – პენალტი ანდრეი კრამარიჩმა გამოიყენა. ხორვატების კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა ნაკრებში 150-ე მატჩი ჩაატარა. ფრანგებმა პირველი შეხვედრა სახლში დანიასთან 1:2 წააგეს, ხოლო ხორვატები სახლში ავსტრიასთან 0:3 დამარცხდნენ.
პირველ ჯგუფში დანია გალიდერდა, რომელმაც სტუმრად ავსტრიასთან 2:1 გაიმარჯვა. შეხვედრა დაგეგმილზე საათნახევრით გვიან დაიწყო, რადგან სტადიონზე დენი გაითიშა.