ვილი სანიოლი: “სკოპიეშიც საქმეს მაქსიმალურად პროფესიულად უნდა მივუდგეთ”

0
6

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ერთა ლიგაში სტუმრად ბულგარეთთან 5:2 მოგებულ მატჩში თავისი მოთამაშეების მიერ ნაჩვენები ფეხბურთით ამაყობს და მიაჩნია, რომ მომდევნო შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ასევე საქმისადმი მაქსიმალურად პროფესიონალურად მიდგომაა საჭირო. მან ამის შესახებ რაზგრადში ჩატარებული თამაშის მერე ისაუბრა.
ვილი სანიოლი: “ჩვენ გუშინ ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ, ამ ფეხბურთით მე ძალიან ვამაყობ. რა თქმა უნდა, შედეგითაც. ახალგაზრდა, ნიჭიერი ბიჭები არიან და ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, რომ მათი მწვრთნელი ვარ. ახლა ყველაფერი ჩვენსკენაა, სკოპიეშიც მაქსიმალურად პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ საქმეს.
ლოგიკურია, რომ რამდენიმე მოთამაშე შევცვალეთ. ჩვენ ხომ ზედიზედ ოთხ შეხვედრას ვატარებთ. ოთო კაკაბაძის ფლანგზე დაყენება ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო, ის უფრო დაცვითი სტილის მოთამაშეა. ლობჟანიძე მომდევნო მატჩებში დაგვეხმარება. ჩვენ 29 მოთამაშე გვყავს და ისინი ერთმანეთთან კარგად შეთამაშდნენ. ის ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე შევიდნენ, შეხვედრაში აქტიურად ჩაერთნენ.
თამაშის შემდეგ რამდენიმე წუთში ანალიზის გაკეთება ცოტა რთულია. შემტევი ფეხბურთი მხოლოდ სისწრაფე და ტექნიკა არაა, ეს მენტალიტეტიცაა. მოედანზე 5-6 ფხბურთელი გვყავდა, რომლებმაც კარგად ითამაშეს შეტევაში. მინდა, რომ ეს შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო კარგი პერფორმანსები ვაჩვენოთ.
გიბრალტართან პრესინგის თამაში მაღლა გამოგივივდა, ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის დღიდან სწრაფი ფეხურთის თამაში იყო. ჩვენი გუნდი საკუთარ ნახევარზე უფრო კარგად თამაშობს პრესინგს, რის გამოც კონტრშეტევებზე თამაში უფრო მარტივად გამოგვდის.
15 თვის წინ, როცა ნაკრებში დავინიშნე, უნდა გამეგო, ვინ რას თამაშობდა, რის შემდეგაც ზოგი ნაკრებიდან წავიდა და ახალი სახეებიც გამოჩდნენ. გვქონდა რამდენიმე კარგი მატჩი – შვედეთთან შეხვედრა, ესპანეთთან 60 წუთი. ხვალიდან ისევ უნდა ვიშრომოთ, რათა წარმატება გაგრძელდეს. დღეს ბიჭებმა უნდა იზეიმონ, ხვალიდან ისევ ვმუშაობთ.
ნიქაუტაძე “ჰალში” გადავა თუ არა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ტრანსფერზე საუბარი რთულია. სადაც არ უნდა წავიდეს გიორგი, მას აქვს იმის რესურსი, რომ მაგრად ითამაშობს. ის არაა ყველაზე მაღალი ან ყველაზე სწრაფი, მაგრამ გოლის ალღო აქვს. სწორედ ამიტომ, მას მომავალი აქვს.
მთელი თამაში გვესმოდა ქომაგების ხმა. ზოგმა იფრინა, ზოგი ავტობუსით ჩამოვიდა – ფეხბურთელებმა მათგან დიდი მუხტი მიიღეს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ისინი გავახარეთ და პატივს ვცემთ მათ”.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას სკოპიეში 9 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.