ბულგარელთა თავკაცი: „საქართველოსთან განსხვავებული მატჩი იქნება“

0
5

ბულგარეთის ეროვნული გუნდის ნაკრების მთავარი მწვრთნელის იასენ პეტროვის აზრით. ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება, ამ გუნდებს შორის შარშან სექტემბერში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებული იქნება, რომელიც ბალკანელებმა 4:1 მოიგეს.
პეტროვმა ამის შესახებ რაზგრადში დღეს გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ასევე ბულგარელთა მცველი ანტონ ნედიალკოვიც დაესწრო.
იასენ პეტროვი: „ვფიქრობ, რომ სექტემბრის თამაშისგან განსხვავებული შეხვედრა იქნება. საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და გუნდურად კიდევ უფრო გაძლიერდა. მეტოქის სათამაშო სტილი კარგად გავაანალიზეთ, ვუყურეთ ბოლო შეხვედრებსაც და ვეცდებით სწორი დასკვნების გამოტანას. ბუნებრივია, მომავალ შეხვედრაში მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ. გვყავს ორი ტრავმირებული, ცვლილებებს კი, უშუალოდ მატჩის დროს ნახავთ.
რაც შეეხება ჩემს წასვლას, ამასთან დაკავშირებით მედიაში ბოლო პერიოდში ბევრი რამ დაიწერა. რა იქნება მომავალში ვერ გეტყვით. პრეზიდენტს შევხვდი და ყველაფერზე ვისაუბრეთ. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ: ამ ნაკრებს მომავალი აქვს და წინ თავაწეულებმა უნდა ვიაროთ.
რთულია ჯგუფის ფავორიტის დასახელება. ფეხბურთი საინტერესო და მოულოდნელობებით აღსავსე სპორტის სახეობაა. ჩვენ ყველა თამაშში მოსაგებად ვიბრძვით, ისევე როგორც სხვა გუნდები“.
ანტონ ნედიალკოვი: „საქართველოს ნაკრებზე ვიტყოდი, რომ კომპაქტური, კოლექტიური გუნდია. ზოგიერთ ფეხბურთელს ვიცნობ, რადგან საკლუბო დონეზე მათ წინააღმდეგ მითამაშია. მეტოქის ორგანიზებულობა ხელს ვერ შეგვიშლის. ჩვენ მზად ვართ მათთან სათამაშოდ და შედეგს მოედანზე ნახავთ.
როგორც მწვრთნელმა თქვა, იოლი მატჩი არ გველოდება, პირიქით. ჩვენ ველით, რომ რთული მატჩი იქნება, მაგრამ მე არ ვნერვიულობ, რადგან კარგად ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ და მიმაჩნია, რომ სათამაშოდ მზად ვართ. ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ამ მატჩს. დაცვაში ძალიან ფზილად უნდა ვითამაშოთ, რადგან საქართველოს ნაკრებს კონტრშეტევები ძალიან კარგად გამოსდის“.