კაპანაძის ბენეფისი – 21-წლამდელების წაუგებელი სერია გაგრძელდა

0
4

საქართველოსა და რუმინეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებები წელს ამხანაგურად მეორედ დაუპირისპირდნენ და თუ ვოლუნტარიში ჩატარებული მატჩი 1:1 დასრულდა, გორში რამაზ სვანაძის შეგირდებმა გაიმარჯვეს. მასპინძლებს ორი ტაიმის განმავლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ და ამიტომ, ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი ლოგკურია.
მატჩის დებიუტში გოჩოლეიშვილი მეტოქის საჯარიმოში ორ რუმინელს გაექცა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ძალიან არაზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდიდან 10 წუთში გოჩოლეიშვილმა სისწრაფეში აჯობა სტუმართა მცველს, რომელმაც თავის საჯარიმოს სიახლოვეს წააქცია და მსაჯმა ჯარიმ დანიშნა. სტანდარტული მოისწრაფიშვილმა შეასრულა და რუმინელთა კართან ყველას გაგუამ დაასწრო, რომლის თავურის შემდეგ ბურთი მიზანს მცირე მანძილით აცდა.
26-ე წუთზე, გოჩოლეიშვილმა თავის ნახევარზე ბურთი ბაიარამს ჩააბარა, რომელიც საქართველოს ნაკრების საჯარიმოში შევიდა და არაზუსტად დაარტყა. საპასუხო შეტევაში გოჩოლეიშვილმა მარცხენა ფლანგიდან პასი რუმინელთა საჯარიმოში გააკეთა, სადაც მყოფმა გაგუამ ახლო მანძილიდან თავით ვერ გაიტანა. ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ საქართველოს ნაკრების ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ რუმინელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რომლითაც მასპინძლებმა ვერ ისარგებლეს. ჩვენი გუნდის მორიგი შეტევის დროს, კაპანაძემ მარჯვენა ფლანგიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში გულიაშვილი მოძებნა, რომელმაც ცუდად დაარტყა.
ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, გოჩოლეიშვილმა მოისწრაფიშვილთან „კედელი“ გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მარცხენა ოდნავ მახვილი კუთხიდან ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. შესვენებამდე მცირე დრო რჩებოდა, როდესაც კაპანაძემ შორი მანძილიდან გაისროლა და ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
68-ე წუთზე, გუიაშვილმა საუცხოო გადაცემით ორ მცველს ზურგსუკან გახსნილი მარჯვენა მცველი კაპანაძე მოძებნა, რომელმაც სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ბურთი დაუმუშავებლად მეკარისგან ახლო „ცხრიანში“ უძლიერესად გაგზავნა – 1:0.
73-ე წუთზე შეტევაში ჩართულ კაპანაძეს მეტოქის მცველისგან მიუვიდა ბურთი და უძლიერესი დარტყმით პროფესიონალურ კარიერაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა.
მე-80 წუთზე გორის სტადიონზე შუქი ჩაქრა და შეხვედრა შეჩერდა. პრობლემა რამდენიმე წუთში მოგვარდა და თამაში განახლდა.
97-ე ე წუთზე რუმინელებს ანგარიშის “დასველება” შეეძლოთ, მაგრამ შორი მანძილიდან მატკოვიჩის მიერ დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. მალე, იმავე მარკოვიჩი საქართველოს ნაკრების კარს ისევ საჯარიმოს გარედან დაემუქრა და ბურთმა გვერდითი ძელის ახლოს ჩაიარა.
სვანაძის ხელმძღვანელობით 21-წლამდელებმა ბოლო 5 თამაშიდან 4 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, ხოლო საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებს ზედიზედ 7 შეხვედრა (6 გამარჯვება და 1 ფრე) არ წაუგია.

საქართველო – რუმინეთი 2:0 (0:0)
3 ივნისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
საქართველო:
მეგრელიშვილი, ხვადაგიანი, გოჩოლეიშვილი, გაგუა, აბულაძე, კალანდაძე, კაპანაძე (ჯინჯოლავა, 90+2), ნ. გაგნიძე, შ.ნონიკაშვილი (ლ.გაგნიძე, 62), მოისწრაფიშვილი, გულიაშვილი (კ) (ლ.ხორხელი, 90+2).
მთავარი მწვრთნელი:
რამაზ სვანაძე.
რუმინეთი: პოპა (კ), ტელჩეანი, დრაგუშინი, ფარკაში (ბირზე, 90+8), დიმიტრესკუ, ბირლიჯა, ლიქსანდრუ, გრამენი, კიმპანუ, ბაიარამი (მიკულესკუ 45+1), პეტრილა (პიტე, 68).
გოლები: 1:0 კაპანაძე (68), 2:0 კაპანაძე (74)
გაფრთხილება:
ტელჩეანი (17), აბულაძე (70), ლ.გაგნიძე (90+9)
მთავარი მსაჯი:
ირაკლი კვირიკაშვილი.