არგენტინამ ფინალისიმა მოიგო – მესის ბენეფისი

0
6

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფინალისიმა-2022 მოიგო. ლონდონის სტადიონ „უემბლიზე“ გამართულ შეხვედრაში სამხრეთ ამერიკის 2021 წლის ჩემპიონი არგენტინა ევროპის მოქმედ გამარჯვებულ იტალიას დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
მატჩის 28-ე წუთზე ლიონელ მესის საგოლე გადაცემის შემდეგ ანგარიში ლაუტარო მარტინესმა გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ლაუტარო მარტინესმა საგოლე პასით ანხელ დი მარია მოამარაგა, რომელმაც სამხრეთ ამერიკელები კიდევ უფრო დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მესიმ აისტენტობა პაულო დიბალას გაუწია, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
არგენტინის ნაკრებმა წაუგებელი მატჩების სერია 32-მდე გაზარდა, რაც მისი არსებობის ისტორიაში რეკორდია.
2017 წლის შემდეგ, იტალიამ ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო – მაშინ, „სკუადრა აძურა“ ანალოგიური ანგარიშით ესპანეთთან დამარცხდა.
მესიმ, რომელიც საუცხოო თამაშის გამო ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, სანაკრებო კარიერაში მეორე ტიტული მოიგო, ხოლო საკლუო ჩათვლით მეორმოცე და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ბრაზილიელ დანი ალვეშს (46 ტიტული) ჩამორჩება.
აქვე გეტყვით, რომ ფინალისიმა წელს პირველად ჩატარდა. ეს მატჩი უეფასა და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად გაიმართა, რომელიც ძალაში 2028 წლამდეა.