რამაზ სვანაძე: “მიზანი ყველა მატჩში წარმატების მიღწევაა”

0
12

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ახალგაზრდული ნაკრები, 3 ივნისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩის, მიმდინარე შეკრების და ეროვნული გუნდების ახალი იდენტობის შესახებ, 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა.
“მთავარი მიზანი ამ შეკრების არის იმავე, რაც მანამდე იყპ. ეს არის ერთ-ერთი შეკრება მთელ მოსამზადებელ ციკლში. ამიტომ, მთავარი აქცენტი კეთდება ისევ და ისევ ჩვენს სათამაშო სტილზე, იმ ნაკლის აღმოფხვრაზე, რომელიც გვაქვს, ისევე, როგორც ყველა გუნდს.
მეტოქეს რაც შეეხება, ძლიერი გუნდია, რთულ თამაშს ველოდებით და ესეც კარგია. ჩვენი მიზანი ამ მხრივაც უცვლელია. ვცდილობთ ყველა მატჩში დადებით შედეგს მივაღწიოთ და მოსაგებად ვიბრძოლოთ.
სელექციას რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის გვეყოლება ახალწვეულები. რა თქმა უნდა, გუნდის ბირთვი ჩამოყალიბებულია, მაგრამ თუ კონკრეტულ პერიოდში რომელიმე ფეხბურთელი გამოიჩენს თავს, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივცემთ შანსს, დანარჩენი კი უკვე მათზე იქნება დამოკიდებული. ახლაც გვყავს ნაკრებში ოთხი ახალწვეული. ვაკვირდებით მათ საწვრთნელ პროცესში და აქედან გამომდინარე, გადავწყვეტთ, ვინ გავა მინდოგზე.
ნებისმიერი სიახლე ძალიან კარგია, დამატებითი მოტივაციაა. ჩემთვის, ვიზუალურ მხარესთან ერთად, მთავარია შინაარსობრივი სიახლე, რომელიც კავშირშია ჩვენს სლოგანთან, იმ სიმბოლოებთან, რომლებითაც დატვირთულია უკვე თამაშო მაისურები. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივიტანოთ ფეხბურთელებამდე ამ სიახლის არსი, რაც მათთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.
სანამ ეს იდეა საზოგადოებაში გამოვიდოდა, მისი ავტორები იყვნენ მოსულები ფეხბურთელებთან, იყო აზრების გაზიარება. ასე რომ, საკმაოდ დიდი ხანია, ვემზადებოდით ამ სიახლეებისთვის. თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა გაიაზროს, რას ნიშნავს, საკუთარ ქვეყნისთვის თამაში.
უახლოეს პერიოდში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 4 მატჩი უწევს. ძალიან მოკლე ვადაში ამდენი თამაშის ჩატარების გამოცდილება ჩვენს გუნდს არ ჰქონია, მაგრამ იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, ყველაფერი კარგად დამთავრდება”- განაცხადა სვანაძემ.
საწვრთნელ პროცესში მიღებული ტრავმის გამო, 21-წლამდე ნაკრებს რუმინეთთან მატჩში დინამო თბილისის ნახევარმცველი – ლევან ოსიყმაშვილი და პრაღის სპარტას ცენტრალური მცველი – ივა გელაშვილი ვერ დაეხმარებიან.
U21 | შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა გორი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლაშა კვარაცხელია (დაუგავპილსი, ლატვია), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), შაკო ოგბაიძე (ვიქტორია ბერლინი, გერმანია), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (რაკოვი, პოლონეთი).

თავდასხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი თბილისი).

ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი, 2021 წლის სექტემბერში გაიმართა. ქალაქ ვოლუნტარიში ჩატარებული შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა. იანის სტოიცას გოლს, 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა უპასუხა და მახვილი კუთხიდან, ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
გორში გასამართი ამხანაგური შეხვედრა, 21:00 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრება თავისუფლია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომანია სილქი (სილქ სპორტი 2) და ფეხბურთის ფედერაციის Youtube-ს არხი შემოგთავაზებთ.