შენგელიას ეფექტური “ჩატენვა” ფიბამ საუკეთესო კვარტეტში შეიყვანა

0
7

ფიბამ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესო 4 მომენტი გამოარჩია, რომელიც გასული 2 ფანჯრიდან აარჩია. საუკეთესოთა შორის მოხვდა თორნიკე შენგელიას ეფექტური “ჩატენვა”, რომელიც მან 2021 წლის ნოემბერში, უკრაინასთან 88:83 მოგებულ მატჩში განახორციელა.
“იმ მატჩში გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ორივე ნაკრებისთვის, რომელთა მიზანიც მსოფლიოს პირველობის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასვლა იყო. განსაკუთრებული ზეწოლა გახლდათ საქართველოზე, რომელიც თამაშის მასპინძელი იყო და წაფორხილების უფლება არ ჰქონდა.
საუკეთესო შეტევა თორნიკე შენგელიას ეკუთვნოდა, რომელმაც ამ მომენტით თამაში გაალამაზა. კლასიკურ მატჩში, რომელშიც ლიდერი 15-ჯერ შეიცვალა, თოკომ ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა, მთელი მოედანი გადაკვეთა, ბურთი “ჩატენა” და მასპინძელთა ჩამორჩენა შეამცირა. სასწაული ეპიზოდი იყო ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის შესრულებით.
საქართველოს ნაკრებმა ის შეხვედრა 88:83 მოიგო და ამით საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე ჩინებული განწყობა შეიქმნა. შენგელია უკრაინელებისთვის განსაკუთრებულ პრობლემად იქცა. მან 16 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა და გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა, ამ დროისთვის კი, საქართველოს 4-დან 3 მატჩი აქვს მოგებული”, – წერს ფიბა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ, ილიას ზუროსის გუნდმა თორნიკე შენგელიას გარეშე ითამაშა ესპანეთში და 61:89 წააგო, მე-2 ფანჯრის დროს კი 2-ჯერ სძლია (91:70 და 79:65) ჩრდილოეთ მაკედონიას და შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდა. მე-3 საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრებს ასევე 2 მატჩი ელის: 1 ივლისს – უკრაინასთან (თამაში რიგაში ჩატარდება) და 4 ივლისს თბილისში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან.