“ყაზბეგმა” დიდ 10-ში ადგილი შეინარუნა

0
1

დიდ 10-ში ასვლა/დარჩენა-ზე ‘ყაზბეგი’-‘ტაოს’ 2-რაუნდიანი დაპირისპირების საპასუხო შეხვედრა ნუცუბიძის ფერდობზე გაიმართა. საკუთარი არენის უქონლობის გამო, მასპინძლის როლში მყოფი მოხევეები მესხებს „რაგბი პლატოზე“ დაუხვდნენ. ასპინძაში პირველი მატჩი ‘ტაოს’ 36:24 ქონდა მოგებული. ორივე გუნდმა სრულ საბრძოლო შემადგენლობას მოუყარა თავი. მატჩის მიმართ ინტერესს გამოჩენილი ბორჯღალოსნების: მეკო კვირიკაშვილისა და გოშა შკინინის დუელიც აორმაგებდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ქართველი „ცენტურიონი“ მოედანზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდა და მეკოც, მგეზავის პოზიციაზე ჩვეული ოსტატობით გაისარჯა.

პირველი ნახევარი ‘ტაოს’ სრული კარნახით წარიმართა. დაცვაში საიმედო გარჯასთან ერთად, მესხები მეტოქეს თამაშის ორგანიზაციის ხარისხშიც აღემატებოდნენ და მოხევეები შესვენებაზე სამატჩო ქულების გარეშე გაუშვეს. საკუთრივ კი ‘ტაომ’ 8 ქულა მიითვალა. მესხთა გამორჩეულ მგეზავ ოთარ ტალახაძის მარტივი პოზიციიდან გატანილ ჯარიმას, იმავე ტალახაძის ჩინებული გადაცემის შემდეგ ფრთა ლევან ხუციშვილის დადებული ლელო მოჰყვა – 8:0.

მატჩის მეორე ნახევარში მეტოქეებმა ტემპს უმატეს და მრავალრიცხოვანმა ქომაგმა კარგად საცქერი, უხვქულიანი და დრამატული ტაიმი იხილა. საწყისი 15 წუთი ‘ყაზბეგის’ უპირატესობით აღინიშნა. შუამარბ გუგა ხულელიძის ლელოს, მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის დანიშნული ტექნიკური ლელო მოჰყვა, რამაც მოხევეები 6-ქულიანი უპირატესობით დააწინაურა.

‘ტაო’ არ შედრკა და უპირატესობის დაბრუნება მოახერხა. ანგარიშში სხვაობა ჯარიმით მესხთა ფულბეკმა საბა ხურცილავამ შეამცირა. ბურჯ ალექს მელიქიძის სინბინისა და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენის მიუხედავად, ლევან ხუციშვილის შესრულებული „დუბლით“  სტუმრები ბოლო 10 წუთში 4-ქულიანი უპირატესობით შევიდნენ.

დარჩენილი ესოდენ მწირი დროის მიუხედავად, მოხევეებმა წარმოუდგენელი „ქამბექით“ მატჩის სასურველი სხვაობით მოგება მოახერხეს. რიცხობრივი უპირატესობა ‘ყაზბეგის’ ჰავბეკმა ლუკა დვალიშვილმა საუცხოოდ გამოიყენა, ვინაც გვარიანად გადაღლილი მეტოქის შეცდომებით ისარგებლა და ორივე ფრთაზე ტყუპისცალივით მსგავსი წყვილი ლელოს გატანა შეძლო.
‘ყაზბეგმა’ საერთო გამარჯვების მომტანი ლელოს დადება „გაწითლებულ“ დროში, პრაქტიკულად ბოლო მიძალებაში მოახერხა. დერეფანიდან კარგად შეკრული მოლით ძალისმიერი ლელო მოხევეთა კვაჭმა ოთარ კილასონიამ გაიტანა, მეკომ კი ზუსტი გარდასახვით საკუთარი გუნდის გამარჯვებას წერტილი დაუსვა – 33:18.
‘ყაზბეგმა’ 2-მატჩის ჯამური ანგარიშით ( 57:54 ) იმარჯვა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. მარცხის მიუხედავად, ‘ტაოს’ ხელნმძღვანელობა იმედიანადაა განწყობილი და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. ქვეყნის სტრატეგიულ რეგიონში რაგბი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და ‘ტაოს’ დიდ 10-ში თამაში სამცხე-ჯავახეთში ოვალის შემდგომ პოპულარობასა და მის განვითარებას დიდ სამსახურს გაუწევს.