არჩილ ბერიძე: “კვარაცხელიამ “ნაპოლისთან” კონტრაქტი გააფორმა”

0
8

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ sport-express.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლისთან” კონტრაქტი უკვე გააფორმა.
რამდენიმე კვირის წინ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ კვარაცხელია კლუბში ზაფხულში აუცილებლად გადავა. როდის გაფორმდება ხელშეკრულება და რამდენ წელზე იქნება გათვლილი?
-კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. ცოტა ხნის წინ ბათუმში „ნაპოლის“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ყოფილა და ყველაფერი – ტრანსფერის დრო და დეტალები მაშინ გავრცელდება, როდესაც ხვიჩა ნეაპოლში წავა.
– თქვენ გუნდში ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი თამაშობს, რომლებსაც რუსეთის პრემიერ ლიგაში კარგად იცნობენ – ხვიჩა კვარაცხელიამ ზურიკო დავითაშვილი, ბრაზილიელი ფლამარიონი. მანამდე, ჯანო ანანიძე გამოდიოდა. მათი შეკრება როგორ მოახერხეთ?
– ყველა ეს ფეხბურთელი ბათუმში ჩამოვიდა, რადგან იცოდნენ, რომ „დინამო“ ახლა საქართველოს საუკეთესო კლუბია. რა თქმა უნდა, მათი დამატება ძალიან რთული იყო, ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. ამის დიდი დამსახურება მათ აგენტს – მამუკა ჯუღელს ეკუთვნის. ხვიჩას ჩამოსვლაზე უპირველესად უკრაინის მოვლენებმა იმოქმედა. მამუკასთან ერთ-ერთი საუბრისას გამიჩნდა მისი „დინამოში“ გადასვლის იდეასა და მის განხორციელებაზე დავიწყეთ მუშაობა. საბოლოოდ ყველაფერი გამოვიდა და შესანიშნავი ფეხბურთელი შევიძინეთ. ეროვნული ნაკრების მარტის მატჩების შემდეგ ის საქართველოში დარჩა და ახლა ყველა მატჩში თავის დონეს ამტკიცებს.
– კვარაცხელიას იმავე ხელფასს აძლევთ, რაც “რუბინში” ჰქონდა?
– რა თქმა უნდა, იმავე ხელფასს ვერ ვუხდით, რაც „რუბინში“ ჰქონდა. ქართული კლუბისთვის ასეთი თანხა წარმოუდგენელია, მაგრამ საქართველოს სტანდარტებით, ხვიჩას ძალიან დიდი ხელფასი აქვს.
-მას ქართულ ფეხბურთში ყველაზე დიდი ხელფასი აქვს?
-ყველაზე დიდი ხელფასი არა მას, არამედ ფლამარიონს აქვს, რომელთანაც გრძელვადიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. არა მარტო ხვიჩასთან, არც ზურიკოსთან ხელშეკრულების გაფორმება არ იყო იოლი, საქართველოსთვის ის ტოპ-ფეხბურთელია. 2020 წლის ბოლოს ის ევროპის 50 ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის შემთხვევით არ მოხვდა.
როგორ მოახერხეთ, რომ ხვიჩა ფიფ-ს და უეფას ნებართვის წყალობით დროებით „დინამოში“ გადასულიყო, „რუბინთან“ კონტრაქტი დაერღვია და „დინამოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეერთებოდა? „ნაპოლიდან“ „რუბინი“ მიიღებს რამეს?
-ეს ტრანსფერი ხვიჩას, მამუკას და „რუბინის“ შეთანხმების შედეგია. ჩვენთან თავიდანვე იყო შეთანხმებული, რომ ის თავისუფალ აგენტად წამოვიდოდა. მე არ ჩავერევი ამ მოლაპარაკებების პროცესში, რადგან არასდროს ჩავერევი სხვა ეპარქიაში, გარდა ჩემისა. ჩვენი მიზანი იყო ხვიჩას ბათუმში ჩამოყვანა და ეს ბრწყინვალედ შევასრულეთ. რა გზით, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენ არასოდეს ვაცხადებთ საჯაროდ ჩვენი ხელშეკრულებების დეტალებს. ეს კომპანიის საიდუმლოა.
– ალბათ, გსურთ, რომ ხვიჩამ “დინამოში” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშოს?
– გვსურს, რომ თუნდაც პირველი თამაში ჩაატაროს. მე და ხვიჩას აგენტი ერთ კვირაში ნეაპოლში მივდივართ და იქ ყველაფერი გადაწყდება. ჩვენ გვჯერა, რომ შევძლებთ შეთანხმებას, რადგან ფეხბურთელს შეუძლია ერთ კლუბში ითამაშოს ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო ჯგუფურ ეტაპზე – მეორეში.
– ზურიკო დავითაშვილი, რომელიც გუნდს ტულას “არსენალიდან” დაემატა შესაძლოა ბათუმში დიდი ხანი დარჩეს?
-ვევდებით, რომ მან მიმდინარე სეზონი ბათუმში ჩაატაროს. მას ჩვენთან ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებ, ისევე როგორც – ხვიჩას.
სტადიონი, რომელზეც 20000 გულშემატკივარი ეტევა, რომელზეც ორი წელიწადია თამაშობთ, ხომ აჭარის ადმინისტრაციამ ააშენა?
– დიახ, სტადიონი აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის ბიუჯეტი ხარჯზე აშენდა. თუმცა, ჩვენთან ყველა ნიუანსს ათანხმებდნენ და გვაჩვენებდნენ მშენებლობა რა ეტაპზეა. სტადიონი იმავე კომპანიამ ააშენა, რომელმაც დონეცკში “დონბას-არენა” ააგო. მშენებლობა მხოლოდ 154 მილიონი ლარი დაჯდა – დაახლოებით 50 მილიონი დოლარი. ერთი დასაჯდომი ადგილი მხოლოდ 2,5 ათასი დოლარი ღირს.
– გამიკვირდა, რომ თბილისის “დინამოს” საშინაო მატჩების უმეტესობაზე ახლა თითქმის არავინ დადის…
– “დინამო” საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და მის პრობლემებზე საუბარი არ მინდა.
– მე სხვა რამეზე ვლაპარაკობ: ბათუმის “დინამოსთან” მატჩზე 20 000 თბილისელი მივიდა. ვისთვისაც არ უნდა გეკითხათ, ყველა პასუხობდა – ხვიჩას სანახავად მივდივართო!..
– დიახ, ხვიჩამ ძალიან აამაღლა როგორც საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება, ასევე, მისი დონეც. მისი წყალობით, ბათუმში 30 პროცენტით მეტმა ადამიანმა დაიწყო სტადიონზე სიარული. სხვა ქალაქების გუნდების ფეხბურთელებიც კი ამბობენ, რომ მისი ჩამოსვლისა და გულშემატკივრების ამხელა რაოდენობის გამო, მოედანზე თავადაც სულ სხვა მოტივაციით გადიან. თუმცა ბათუმში ფეხბურთზე მანამდეც დადიოდნენ. ახალი სტადიონის გახსნამდე, ბაზაზე ვთამაშობდით, რომლის ტევადობა 1600 კაცი იყო. მიუხედავად ამისა, მატჩებზე ყოველთვის 5-დან 8 ათასამდე ქომაგი მოდიოდა!
– ხვიჩა საოცარი პოპულარობით სარგებლობს. ეს რის ხარჯზე მოიპოვა – მხოლოდ ეროვნული ნაკრებში თამაშებებით? ის ხომ სულ რაღაც 21 წლისაა და “რუბინში” წასვლამდე საქართველოში ძალიან ცოტას თამაშობდა…
– პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში თამაშმა მოახდინა გავლენა. მან გოლები გაუტანა ესპანეთს, შვედეთს, საბერძნეთს… გასაკვირი არ არის, რომ “ნაპოლის” სკაუტებმა შენიშნეს. არა მგონია, ყაზანში ჩატარებულ მატჩებს მოეხდინა ამაზე დიდი გავლენა, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას გამო უამრავი ქართველი გულშემატკივარი უყურებდა “რუბინის” მატჩებს. ზუსტ ციფრებს ვერ დავასახელებ, მაგრამ საკმარისი იყო ყაზანური კლუბის მატჩების დროს სოციალურ ქსელებში გადასულიყავი და ყველაფერი გასაგები ხდებოდა.
– ვფიქრობ, კვარაცხელიას სახელით ან 20-ნომრიანი მაისურების გაყიდვით დიდი ფულის შოვნის შესაძლებლობა გაქვთ…
– სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველით ჩვენი ფან-შოპის გახსნას. ვფიქრობთ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო მატჩამდე (ივლისის პირველ ნახევარში – ავტ) ამას მოვახერხებთ. ხვიჩას მაისურები უკვე შეკვეთილია, რომელიც ამ პროდუქციის ძირითად ნაწილს შეადგენს. ჯერჯერობით, მხოლოდ სტადიონთან არის პატარა მაღაზია, სადაც თამაშების წინ იყიდება ატრიბუტები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი გვჭირდება.
– როგორ ჩაუდექით კლუბს სათავეში?
– 2017 წელს ბათუმის “დინამო” საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში დაქვეითდა, კლუბს ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა… არც სავარჯიშო ცენტრი გვქონდა და არც სათამაშო… საერთოდ, კლუბი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დადგა. სწორედ ამ დროს, ჩემს მეგობართან და პარტნიორთან, რომელიც ორი წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ავტოკატასტროფაში დაიღუპა, დავილაპარაკე და გადავწყვიტეთ – თუ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქალაქი, მაშინ ეს კლუბი უნდა ავიყვანოთ-მეთქი. ფეხბურთი ჩემი ყველაზე დიდი ჰობია და საქმეს ენთუზიაზმით შევუდექით. ახლა ჩემი პარტნიორის შვილთან ერთად ვაგრძელებთ ამ საქმეს.
ათუმის “დინამო” ჯერ კლუბი ელიტურ დივიზიონში დაბრუნდა, შემდეგ ზედიზედ ორჯერ ვერცხლის მედალი მოიპოვა, შარშან კი, ისტორიაში პირველად, საქართველოს ჩემპიონი გახდა. და ეს ყველაფერი არ არის. ვფიქრობ, მივაღწევთ იმ შედეგს, რასაც ქალაქიც და მთელი საქართველო ელოდება.
– …და ეს არის…
– …ეს არის ჩემპიონთა ან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთხელ, 2004 წელს თბილისის “დინამომ” ითამაშა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე…
– შესანიშნავი 20 000-იანი სტადიონი, სადაც გასული წლიდან თამაშობთ, აჭარის ხელმძღვანელობამ ააშენა, არა?
– დიახ, სტადიონი რესპუბლიკური ბიუჯეტის ფულით აშენდა. ოღონდ, ყველა ნიუანსზე გვქონდა კონსულტაცია, სულ გვაჩვენებდნენ, თუ რა ეტაპზე იყვნენ… სტადიონს აშენებდა იგივე კომპანია, რომელმაც დონეცკში “დონბას არენა” ააშენა. მშენებლობა მხოლოდ 154 მილიონი ლარი დაჯდა, ანუ, დაახლოებით 50 მილიონი დოლარი. ორ წელიწადში აშენდა და კიდევ უფრო ადრე შევიდოდით სათამაშოდ, გაზონი რომ არ გამოეცვალათ.
– ვიცი, რომ 35 წელია, რაც “მილანს” გულშემატკივრობთ. რატომ?
– იმიტომ, რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი… მახსოვს, რა ფანტასტიკური გოლი გაუტანა ვან ბასტენმა დასაევს 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში!.. “მილანისადმი” გრძნობა სამუდამოდ დამრჩა და გამიმართლა, რომ მისი ორმოცდაათამდე მატჩი ცოცხლად მენახა.
– ბათუმის “დინამოსა” და “მილანს” შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების სურვილი გაქვთ?
– 2020 წელს მოლაპარაკება იყო, რომ ბათუმში ახალი სტადიონი “მილანთან” ამხანაგური მატჩით გაგვეხსნა. სამწუხაროდ, პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ასევე დავათვალიერეთ მილანური კლუბის აკადემია, ბათუმში “მილანის” საზაფხულო ბანაკი მოეწყო. არის კავშირები, მაგრამ ჯერ სხვაზე რამზე ვფიქრობთ – ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია საბოლოოდ გავხდეთ ძლიერი ევროპული კლუბი და ამას აუცილებლად მივაღწევთ! მომავალ წელს უნდა გავხსნათ ბათუმის “დინამოს” აკადემია. “აიაქსის” აკადემიიდან გადმოვიღეთ მაქსიმუმი, რაც კი შეიძლებოდა. ჯერჯერობით, მათ სტანდარტებამდე შორი გზაა, მაგრამ, როცა მშენებლობა დასრულდება, ჩვენ მისი პატარა ანალოგი გვექნება.
– არის თუ არა მიზანი, რომ ბათუმის “დინამო” გადაიქცეს ქართულ “ბაიერნად” და ზედიზედ ბევრი ჩემპიონატი მოიგოს?
– რომელი კლუბის პრეზიდენტი არ ოცნებობს ამაზე (იღიმის)? თანაც მჯერა, რომ ეს შესაძლებელია! ზოგადად, ჩვენს ფეხბურთს ბევრი პრობლემა ჰქონდა, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული, მაგრამ ახლა თანდათან წინ მივდივართ. ახლა ჩვენს საშინაო მატჩებზე აბსოლუტურად ევროპული საფეხბურთო ატმოსფეროა. ვაშენებთ კლუბს, რომელიც ევროპას შეეფერება. გვყავს ახალი სპონსორი – კომპანია ჩინეთიდან, რომლის დახმარებით კიდევ უფრო სწრაფად განვვითარდებით.