„რეალმა“ ევროპას ზემოდან მეთოთხმეტედ გადმოხედა

0
6

მადრიდის „რეალმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩემპიონთა ლიგა „მისი“ ტურნირია. პარიზში სტადიონ „სტად დე ფრანსზე“ გასამართ ფინალამდე საფეხბურთო წრეებში უპირატესობას „ლივერპულს“ ანიჭებდნენ, მაგრამ „რეალმა“ დაამტკიცა, რომ დედამიწის ზურგზე ამ გუნდის წინააღმდეგ ფავორიტია არავინაა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე მადრიდელებმა პსჟ, “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” ჩამოიშორა, თუმცა არაერთხელ ითქვა, რომ ესპანელებს უმართლებდათ. ამის მიუხედავად “რეალმა” კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რომ ბედი ძლიერებს წყალობთ.
„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ფინალში მეჩვიდმეტედ გავიდა და მეთოთხმეტედ მოიგო. მადრიდელებმა ლივერპულელებს ზედიზედ მეორე ფინალში აჯობეს – 2018 წელს კიევში 3:1 მოუგეს. 1981 წლის შემდეგ, „რეალამ“ ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ზედიზედ მერვე ფინალი მოიგო. „სამეფო კლუბი“ ამ ტურნირის ფინალში ბოლოს სწორედ „ლივერპულთან“ დამარცხდა 41 წლის წინ ანგარიშით 0:1 და მაშინ, ფინალი პარიზის „პარლ დე პრენსზე“ შედგა.
„სტად დე ფრანსზე“ ჩატარებულ თამაშს რაც შეეხება, ის 36 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან “ლივერპულის” 40000 გულშემატკივარი სტადიონზე უბილეთოდ შესვლას შეეცადა. პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის რეალუში შანსი სადიო მანეს ჰქონდა, მაგრამ ტიბო კურტუამ ნახტომში მოიგერია ბურთი, რომელიც შემდეგ გვერდით ძელს მოხვდა. შესვენებამდე ბელგიელმა მეკარემ, რომელიც განვლილ შეხვედრაში საუკეთესოდ დაასახელეს, მოჰამედ სალაჰის რამდენიმე სახიფათო დარტყმა გაანეიტრალა. კურტუამ საერთო ჯამში 9 დარტყმული მოიგერია, რაც 2004 წლის შემდეგ, რაც სტატისტიკის წარმოება დაიწყო, საუკეთესო შედეგია. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ქარიმ ბენზემამ გახსნა, მაგრამ რეფერის ვიდეოასისტენტმა გოლი არ ჩათვალა, რადგან ფრანგ ფორვარდზე თამაშგარე დააფიქსირა.
59-ე წუთზე, ფედე ვალვერდემ შეტევა მარჯვენა ფლანგზე წამოიწყო და საჯარიმოში შესულმა „ლივერპულის“ კარის შორეულ ძელთან ვინისიუს ჟუნიორი მოძებნა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
შეხვედრის მიწურულს გოლის გატანის რეალური შანსი მოჰამედ სალაჰს ჰქონდა, მაგრამ ისევ კურტუამ იხსნა „რეალი“ გოლის გაშვებისგან.
იტალიელი კარლო ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, რომელმაც თავის გუნდებს ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოაგებინა – ორჯერ „რეალს“ და ორჯერ „მილანს“. ზინედი ზიდანმა და ბობ პეისლიმ ეს სამ-სამჯერ მოახერხეს. ანჩელოტიმ კარიერაში 23 ტიტული მოიპოვა.
ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი 15 გოლით ბენზემა გახდა. ეს შედეგი ტურნირის ისტორიაში მეოთხეა.
“ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კარიერაში ჩემპიონთა ლიგის 4 ფინალიდან 3 წააგო – 2 “ლივერპულთან” ერთად, ხოლო ერთი – “ბორუსიასთან”.
ესპანურმა კლუბებ,ა ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი 19-ჯერ მოიგეს – “რეალმა” 14-ჯერ, ხოლო “ბარსელონამ” – 5-ჯერ.
“რეალმა” სეზონი სამი ტიტულით დაასრულა – ლა ლიგის ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგის თასი და ევროპის სუპერთასი.