“ქუთაისი 2010” საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა

0
7

საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს ჩემპიონია! კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ფინალური სერია დამაჯერებლად – 3:0 მოუგო “ოლიმპს” და სუპერლიგის გამარჯვებული გახდა. 2 საშინაო მოგების შემდეგ “ქუთაისმა” ფინალური სერიის მე-3 შეხვედრა დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა და დაძაბული მატჩის ბოლოს მოახერხა დავით როგავას გაწვრთნილი ოლიმპელების გატეხა – შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით – 73:65 (სტატისტიკა) დასრულდა.
ბოლო წუთზე შეხვედრამ ინტრიგა დაკარგა. მანამდე კი, უმეტესწილად, თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. “ოლიმპმა” შეხვედრა მძლავრად დაიწყო და დებიუტში 10 ქულითაც დაწინაურდა (26:16), მაგრამ საწყისი მუხტი როგავას გუნდს დიდ შესვენებამდე არ მიჰყვა. ქუთაისელებმა დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე ჩამორჩენის გაბათილება იწყეს და პირველი ტაიმის ბოლოს სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 37:38.
მესამე პერიოდიდან ქუთაისელებმა ლიდერობა მოიპოვეს, რაც ერთის მხრივ მათი კარგი დაცვის, მეორეს მხრივ კი ოლიმპის წამყვანი მოთამაშეების შეცდომების ბრალი იყო. ილია ლონდარიძეს თამაში არ წაუვიდა, ვერც კახა ჯინჭარაძე იყო ჩვეულ ფორმაში და ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ქუთაისელებმა თავისი გაიტანეს. ადრიან ბოუიმ უმნიშვნელოვანესი ბურთები – ჯერ ორქულიანი, შემდეგ კი სამიანი ჩააგდო და ბოლო პერიოდში თანაბრად მიმდინარე ანგარიში იმერული კლუბის სასარგებლოდ შეცვალა. როგორც ვთქვით, ბოლო წუთზე ქუთაისელთა ლიდერობამ 8 ქულას მიაღწია და ჩემპიონიც გამოვლინდა. ქუთაისელებმა არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგეს საქართველოს ჩემპიონობა. პირველად ეს კოტე ტუღუშის თაოსნობით “ქუთაისმა” 2015 წელს მოახერხა.

ქუთაისელებს 23 ქულით და 6 ჩაჭრით ადრიან ბოუიმ ულიდერა. 17 ქულა და 11 მოხსნა გიორგი კორსანტიამ მიითვალა, გიორგი ბარბაქაძისა და სტივენ ფლეჯერის ანგარიშზე კი 9-9 ქულა დაგროვდა. ოლიმპში 30 ქულით საუკეთესო იყო ედვარდ ეკიორი. 12 ქულა ლუკა კალატოზიშვილმა, 10 კი კახა ჯინჭარაძემ მიითვალეს.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. საკალათბურთო კლუბ „ოლიმპის“ წევრები ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაულმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ. მათვე ოქროს მედლები გადასცეს სუპერლიგის 2021-2022 წლების ჩემპიონ “ქუთაისის” წევრებს.
საუკეთესო მწვრთნელი
2021-2022 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი გახდა „ ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში. კოტე ტუღუშს ცნობილი ქართველი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის თასი გადასცა  საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, რომელიც თბილისში 2 დღით, ფინალურ მატჩზე დასასწრებად და ეროვნული ნაკრების წევრებთან და კანდიდატებთან შესახვედრად ჩამოვიდა.
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე
2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის – ზვიად მიქაძის სახელობისაა. მისი მფლობელი გახდა საკალათბურთო კლუბ “ბათუმის” წევრი გიორგი ოჩხიკიძე. გიორგი ოჩხიკიძეს ჯილდო ზვიად მიქაძის შვილებმა – სალომე და იოანა მიქაძეებმა გადასცეს.
სეზონის გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე
სეზონის გამორჩეული მოთამაშის პრიზი ცნობილი ქართველი კალათბურთელის, გელა დარსაძის სახელობისაა. აღნიშნული პრიზიც ბათუმელმა გიორგი ოჩხიკიძემ დაიმსახურა. ოჩხიკიძეს გელა დარსაძის სახელობის პრიზი მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ადამიამ გადასცა.
სეზონის საუკეთესო მოთამაშე – MVP
სუპერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ტრადიციულად გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც ჟურნალისტები, სუპერლიგის მწვრთნელები და კომისრები მონაწილეობდნენ. სეზონის MVP გახდა ოლიმპის მოთამაშე კახა ჯინჭარაძე, რომელსაც სპეციალური პრიზი პაატა გურასპაულმა გადასცა.
საჩემპიოპიონო თაისის გადაცემა
“ქუთაისი 2010”-ის კაპიტანს, გიორგი ბარბაქაძეს სუპერლიგის 2021-2022 წლების სეზონის საჩემპიონო თასი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ გადასცა.