„სიონმა“ „საბურთალოს“ სძლია, „დილამ“ გონსალვესის ჰეთ-თრიქით მოიგო

0
7

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტური დღეს ორი მატჩით დასრულდა. ბოლნისში ადგილობრივმა „სიონმა“ თბილისის „საბურთალო“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის შუაწელში თამაში შეჩერდა, რადგან ადგილობრივმა გულშემატკივრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „საბურთალოს“ ფეხბურთელებს, რომლებიც ითელებოდნენ. ამის შემდეგ ვითარება დაიძაბა და თავისი ქომაგების დასამშვიდებლად ბოლნისელი მოთამაშეები მივიდნენ. საქმეში პოლიციაც ჩაერთო.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე გავიდა, როდესაც ნიკა ხორხელი მარჯვენა ფლანგზე იური ტაბატაძეს გაექცა და საჯარიმოში შესულმა პასი თავის ძმა ლუკა ხორხელს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით თორნიკე მეგრელიშვილს ახლო კუთხეში გაუტანა.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა „საბურთალომ“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო და 23 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. მანამდე, თბილისელებმა 2 შეხვედრა ფრედ დაასრულეს და საერთო ჯამში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით „სიონმა“ მიჯრით 2 შეხვედრა მოიგო და 17 ქულით მეცხრეა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს დამოძღვრილმა გორის „დილამ“ აუტსაიდერი თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და 3 ქულა მოიპოვა. შეხვედრის მე-17 წუთზე მასპინძლების ფორვარდმა თორნიკე კაპანაძემ პენალტიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. 28-ე წუთზე ირაკლი ძოწენიძემ თავის საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი დავით სამურკასოვს „ჩააბარა“, რომელმაც მარჯვენა ფრთიდან პასი კარის გასწვრივ გააკეთა და ჭიაბრიშვილმა ვარდნაში ანგარიში გახსნა – 0:1.
39-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილის პასის მერე პაატა ღუდუშაურმა მოედნის ცენტრიდან ბურთიანად მეტოქის საჯარიმომდე ირბინა და ზუსტად დაარტყა – 1:1.  მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ონორე გომისმა პასი ვაგნერ გონსალვესს მისცა, რომელმაც „დილა“ დააწინაურა – 2:1. 53-ე წუთზე ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ, გონსალვესი ერთ თბილისელ ფეხბურთელს გასცდა და საჯარიმოს ხაზიდან დუბლი შეასრულა – 3:1. გონსალვესი ამით არ დაკმაყოფილდა და 77-ე წუთზე გორელთა საჯარიმოს მისადგომებიდან ჰეთ-თრიქი მიითვალა – 3:1.
„დილა“ 29 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო ალექსანდრე ინწკირველის თავკაცობით „ლოკომოტივი“ ისევ უქულოა და ბოლო პოზიციაზეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით ერთა ლიგაში ოთხ მატჩს ჩაატარებს და ამის გამო, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 15 ივნისს განახლდება.