ანჩელოტი: „ჩემს ფეხბურთელება არ ვეტყვი, რომ გამარჯვებისთვის ცუდად უნდა ითამაშონ“

0
4

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის აზრით, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლომდე დაიხარჯება, მაგრამ დარწმუნებული არაა, საბოლოო წარმატებისთვის ეს რამდენად საკმარისი აღმოჩნდება. იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ხვალ პარიზის „სტად დე ფრანსე“ ინგლისური „ლივერპულთან“ დაპირისპირებამდე ისაუბრა.
ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეხუთედ ითამაშებს. იტალიელმა მხოლოდ ერთი ფინალი წააგო, როდესაც „მილანი“ 2005 წელს პენალტების სერიაში „ლივერპულთან“ დამარცხდა.
„ყველა ფინალიდან კარგი მოგონება დამრჩა. ჩვენ ის ფინალი წავაგეთ, რომელშიც ყველაზე კარგად ვითამაშეთ – 2005 წელს „ლივერპულთან“. თუმცა, ჩემს ფეხბურთელება არ ვეტყვი, რომ გამარჯვებისთვის ცუდად უნდა ითამაშონ (იცინის). ფინალისთვის ხარისხიანად მოსამზადებლად დრო გვქონდა და ვფიქრობ, თამაშს კარგ მზადყოფნაში ვხვდებით. მომავალ მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს გამარჯვებისთვის რამდენად საკმარისი აღმოჩნდება.
“ლივერპული” ინტენსიურად ითამაშებს, რაც ამ გუნდის ერთ-ერთი თვისებაა. ბოლოს და ბოლოს ყველაფერი იქამდე მიდის თუ ვინ გამოავლენს თავის საუკეთესო თვისებებს. ყოველ თამაშს თავისი ისტორია და სტრატეგია აქვს. შემადგენლობა? ამას არ გეტყვით, რადგან მოთამაშეებისთვისაც არ მითქვამს “ – იუწყება ანჩელოტის ნათქვამს ესპანური გამოცემა Marca.