„რომა“ კონფერენს ლიგის პირველი გამარჯვებულია – მოურინიოს მეხუთე ევროთასი

0
37

უეფას კონფერენს ლიგის პირველი გამარჯვებული იტალიის „რომაა“. ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტადიონ „აირ ალბანიაზე“ გამართულ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა რომაელებმა როტერდამის „ფეინოორდი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
მატჩის ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე გავიდა, როდესაც ჯანლუკა მანჩინიმ ნიდერლანდელთა მცველ ტრაუმერის ზურგსუკან ზუსტი პასი გაუკეთა ნიკოლა ძანიოლოს, ამ უკანასკნელმა კი ზუსტად დაარტყა.
„რომამ“ არსებობის ისტორიაში ევროთასი პირველად მოიგო. მანამდე, რომაელებმა 1961 წელს ბაზრობათა თასი მოიპოვეს, მაგრამ უეფა ამ ტიტულს არ აღიარებს. გარდა ამისა, 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც „რომა“ იტალიის თასს დაეუფლა, გუნდს კონფერენს ლიგაში გამარჯვებამდე არცერთი ტიტული მოუგია.
2010 წლის შემდეგ, „რომა“ პირველი იტალიური კლუბია, რომელმაც ევროთასი მოიპოვა. მაშინ, მოურინიოს თავკაცობით მილანის „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.
პორტუგალიელი სპეციალისტი პირველია, რომელმაც სამწვრთნელო კარიერაში ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა მოიგო. მოურინიომ საერთო ჯამში 26 ტიტული მოიპოვა, ხოლო 2017 წლის შემდეგ – პირველი.
მოურინიო ფეხბურთის ისტორიაში მეორე მწვრთნელია, რომელმაც ევროთასზე 5-ჯერ გაიმარჯვა. პირველი ლეგენდარული იტალიელი ჯოვანი ტრაპატონი იყო. სხვათა შორის, მოურინიომდე სამივე ევროთასი ტრაპატონიმ და გერმანელმა უდო ლატეკმა მოიპოვეს. უბრალოდ, მათ ჩემპიონთა თასის და უეფას თასის გარდა, თასების მფლობელთა თასიც აიღეს, რომელიც აღარ თამაშდება.
კონფერენს ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ ინგლისელი მცველი კრის სმოლინგი დაასახელეს.
კონფერენს ლიგის საუკეთესო ბომბარდირი “ფეინოორდის” ფეხბურთელი დესერსი გახდა, რომელმაც 10 გოლი გაიტანა.
“რომამ” მეტოქეთა კარის კონფერენს ლიგის 15-ივე მატჩში აიღო – ინგლისელმა ფორვარდმა ტეო აბრაჰამმა 9 ბურთი მიითვალა.