“ქუთაისი” ჩემპიონობას მიუახლოვდა

0
5

საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი” სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო “ოლიმპს” და ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმერულ კლუბს ჩემპიონობამდე 1 მოგება აკლია, ხოლო “ოლიმპმა” ტიტული რომ მოიპოვოს, ზედიზედ სამი გამარჯვება ესაჭიროება, რაც საქართველოს ჩემპიონატში კი მომხდარა, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან სართულო საქმეა. შეგახსენებთ, რომ ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩენის შემდეგ ჩემპიონობა თბილისის “ვითამ” იზეიმა, როცა 1998-1999 წლების სეზონში რუსთავის “აზოტს” სერია 3:2 მოუგო.
წლეულს კი ასეთი რეალობაა: “ქუთაისი”, რომელიც საქართველოს ჩემპიონი ერთადერთხელ – 2016 წელს ყოფილა, 2:0 უგებს თბილისის “ოლიმპს” და მეორე ტიტულის მოპოვებას ეშურება. თავის მხრივ, “ოლიმპს” არ აქვს საქართველოს ჩემპიონობა მოპოვებული – ეს გუნდი ფინალში ერთადერთხელ, 2013 წელს იყო და “შსს-აკადემიასთან” 5-მატჩიან სერიაში – 2:3 დამარცხდა.
ფინალური სერიის მე-2 მატჩი ქუთაისელებმა უფრო თავისუფლად ჩაატარეს და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ. მასპინძლებმა მატჩის სადავეებთან ერთად ლიდერობაც ხელთ იპყრეს და თამაშის ბოლომდე არ დაუთმიათ. ერთადერთხელ, თამაშის მე-13 წუთზე შემცირდა სხვაობა მინიმუმამდე (28:27), სხვა მხრივ კი ქუთაისელები დამაჯერებლად – რომ იტყვიან, ხელჩასაჭიდად იგებდნენ. მატჩის ბოლო წუთზე მასპინძლების ლიდერობა 10 ქულას შეადგენდა და საბოლოოდ “ოლიმპის” მოთამაშეებმა ჩამორჩენის შემცირებაღა შეძლეს.
ქუთაისელთა გამარჯვებაში ყველა კალათბურთელს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, გამორჩეული შედეგი კი სტივენ ფლეჯერს ჰონდა – 18 ქულა. ადრიან ბოუიმ უნივერსალიზმი გამოავლინა და თავი 18 ქულას, 9 პასს და 8 მოხსნას მოუყარა. ფარის ბატონ-პატრონი იყო გიორგი კორსანტია, რომელმაც 20 მოხსნა მიითვალა, ჩაროზად კი 6 ქულა ჩააგდო. “ოლიმპში” 16 ქულით ბომბარდირი ედვარდ ეკიორი გახდა, რომელმაც თანაგუნდელთაგან ასევე უმეტესი 10 მოხსნა მიითვალა. 12 ქულა ილია ლონდარიძემ, ხოლო 10 – კევინ ობერვაიზერმა მიითვალა.
ფინალური სერიის მე-3 მატჩი 28 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
ქუთაისი – ოლიმპი 76:71