ჩხეტიანი „ტორპედოში“ გამარჯვებით დაბრუნდა

0
7

კახა ჩხეტიანის მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ, ქუთაისის „ტორპედომ“ პირველი მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „გაგრასთან“ ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით მოიგო.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მე-3 შეხვედრაში პირველი ყველაზე სახიფათო მომენტი 88-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც გიორგი არაბიძემ საუცხოო პასით მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა ლევან არველაძე, რომელმაც ხეირიანად ვერ დაარტყა, მაგრამ პასი გამოუვიდა გიული მანჯგალაძის მისამართით, რომელმაც ბურთი გვერდით ძელს მოახვედრა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ბექა ვაჩიბერაძემ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს გაგრელთა კარის მიმართულებით გაგზავნა ბურთი, რომელსაც ფორვარდი მათე ვაწაძე შეეხო და ავტოგოლი მიითვალა. თამაშმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა, რადგან „დინამოსთან“ მომხდარი ინციდენტის გამო, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით ქუთაისელები 5 საშინაო შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების წინ გამართავენ.
„ტორპედომ“ 3-თამაშიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 18 ქულით მე-7 ადგილზეა. გაგა კირკიტაძის გაწვრთნილმა „გაგრამ“ ზედიზედ 4 შეხვედრა წააგო და 17 ქულით მე-8 პოზიციაზეა.