სფფ-ს 32-ე ყრილობა სასტუმრო “რედისონში” გაიმართა

0
3

25  მაისს, სასტუმრო რადისონში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 32-ე რიგითი ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან წინა ყრილობიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძირითად პრიორიტეტებზე და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ლევან კობიაშვილმა საუბარი უკრაინის მხარდაჭერით დაიწყო და კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა მეგობარ ქვეყანას.
სფფ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების ფიფასა და უეფას, ასევე სოციალური და მედია პარტნიორებისა და სპონსორების განსაკუთრებულ როლს, ისაუბრა სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მადლობა გადაუხადა სპონსორებს, მათ შორის, “კოკა-კოლას”, ეროვნული ჩემპიონატის მთავარ სპონსორ “კრისტალბეთს” და სფფ-ს ახალ მხარდამჭერს “საქართველოს ბანკს”, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ 5-წლიან თანამშრომლობას მოეწერა ხელი.
მოხსენებისას ლევან კობიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ნაკრები გუნდების ერთიანი ბრენდ პლატფორმის შესახებ. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საკომუნიკაციო სააგენტო ვინდფორსს, ფეხბურთის ფედერაციის გუნდს და ახალი ბრენდ პლატფორმის შექმნაში ჩართულ სხვადასხვა ჯგუფებს.
ლევან კობიაშვილი (სფფ-ს პრეზიდენტი): „დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა შეიქმნა. შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და ახლა უკვე პირველად, ეროვნული გუნდები საკუთარი, უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშებენ.
ბრენდის ახალი პლატფორმის შექმნის პროცესში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ფეხბურთთან ასოცირებული სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული – როგორც მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, ისე გულშემატკივრები და ჟურნალისტები. ბრენდის ახალ პლატფორმაზე საკომუნიკაციო სააგენტო ვინდფორსმა იმუშავა. მინდა მადლობა გადავუხადო სააგენტო ვინდფორსს და ფეხბურთის ფედერაციის გუნდს ამისთვის.
ახალი ბრენდის შექმნა ლოგიკური გაგრძელება იყო იმ ნაბიჯებისა, რომელსაც ჩვენი გუნდი წლების მანძილზე დგამდა და ფიქრობ, რომ ეროვნული ნაკრების ბრენდმა მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც აუცილებელი იყო ცვლილება. ცვლილება, რომელიც იქნებოდა დროსთან ადეკვატური, თანამედროვე და ასევე, გაიზიარებდა ჩვენი რეალობის  კონტექსტს და პრობლემატიკას”.
ამასთან, სფფ-ს პრეზიდენტმა საზოგადოებას ახალ ტექნიკურ სპონსორთან “მაკრონთან” თანამშრომლობის შესახებ შეახსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ხსენებულმა შეთანხმებამ დაუდო საფუძველი ეროვნული ნაკრებისთვის ექსკლუზიური ფორმის შექმნას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად 2023 წლის ივლისში უმასპინძლებს. ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ მინისტრსა და მთავრობას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ტურნირის მასპინძლობისთვის სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 12 საფეხბურთო ობიექტი განახლდება.
სფფ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ფუტსალის ეროვნული ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე, ქალთა ფეხბურთში მიმდინარე პროექტებს და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მნიშვნელობას. ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ქუთაისის აკადემიაში, ფიფას პროგრამა “ფორვარდის” დაფინანსებით მშენებარე 2 ბუნებრივსაფარიან მოედანზე და მადლობა გადაუხადა ფიფასა და უეფას ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისთვის.

ინფრასტრუქტურაზე საუბრისას, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა აღნიშნა, რომ ფიფა “ფორვარდი 2”-ის და “ჰეთ-თრიქი 5”-ის ფარგლებში, ერთობლივად ოცამდე პროექტი განხორციელდა. 2022 წელს, ფიფა “ფორვარდი 2”-ის-ის და “ჰეთ-თრიქი 5”–ის ბოლო პროექტის გახსნა დაგეგმილია შემოდგომაზე, ქუთაისის აკადემიის სახით, რომელიც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება სავარჯიშო მოედნის სახით. დავით მუჯირმა ასევე აღნიშნა, რომ ფიფა “ფორვარდი 3”-ის და “ჰეთ-თრიქი 6”-ის ფარგლებში ინფრასტრუქტურული ზრდა გაგრძელდება.
სფფ-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოში 16 მატჩი, მათ შორის, ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შედგება, ოთხ შეხვედრას უმასპინძლებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი, ბათუმის სტადიონზე კი ჯამში ხუთი შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 32-ე ყრილობას ვიდეო კონფერენციის საშუალებით ესწრებოდნენ უეფას ეროვნული ასოციაციების განვითარების ხელმძღვანელი ჯოზეფ კლიმენტი, ფიფას განვითარების პროგრამის კოორდინატორი ჩარლზ ბურმენი და ფიფას სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი ნოდარ ახალკაცი.
ნოდარ ახალკაცმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიფა ყოველთვის მზად არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად საერთო პროექტების განხორციელებისთვის და ხელს შეუწყობს სტრატეგიული ამოცანების შესრულებას.
უეფას ეროვნული ასოციაციების განვითარების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ კლიმენტმა ქართული ფეხბურთის მიღწევებს გაუსვა ხაზი და ქალთა და მასობრივი ფეხბურთის განვითარების, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა. უეფას წარმომადგენელმა ფუტსალის ეროვნული ნაკრების წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოში ფეხბურთის განვითარების კიდევ ერთი მტკიცებულებაა.
32-ე ყრილობაზე სფფ-ის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და დებულების თანახმად დაინიშნა დამოუკიდებელი აუდიტი.