„დინამომ“ სამი ქულა დრამატულ ბრძოლაში აიღო

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტური თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა „დინამომ“ „თელავს“ უმასპინძლა და დრამატულ ორთაბრძოლაში მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაიმარჯვა.
28-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან უსმანე კამარამ მეტოქის საჯარიმოში გადაცემა დაბალი ტრაექტორიით გააკეთა და კარიდან გამოსულმა ლუკა სანიკიძემ ხელში ვერ შეიმაგრა ბურთი, რომელიც თორნიკე კირკიტაძესთან ორთაბრძოლაში ვაჟა ფაცაციამ თავის კარში გაიტანა – 1:0.
38-ე წუთზე იმედა აშორტიამ დაახლოებით 20 მეტრის მანძილიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.
44-ე წუთზე, კამარამ თელაველთა საჯარიმოში კირკიტაძე მოძებნა, რომელმაც მარცხენა ფეხით ერთი შეხებით დაარტყა და სანიკიძემ ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა – სტუმართა მეკარეს აშკარად უიღბლო დღე ჰქონდა.
78-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ კარგი პასი მისცა გიორგი ხაბულიანს, რომელმაც სისწრაფეში ტოჰოელ მცველ საიმონ ბენიოს აჯობა და ძლიერი დარტყმით ესპანელ პრიეტოს ახლო „ცხრიანში“ გაუტანა.
„დინამომ“ სამი ქულა 95-ე წუთზე უკრაინელი სტანისლავ ბილენკის წყალობით აიღო, რომელმაც ცრუ მოძრაობით სტუმართა ორი მცველი ჩამოიშორა და დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 3:2.
მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე, გურამ გოშთელიანი “დინამოს” მეკარესთან პირისპირ დარჩა და თელაველი ფირვარდის დარტყმული ბურთი პრიეტომ მოიგერია.
კახა ცხადაძის გაწვრთნილი “დინამო” 32 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო გიორგი ჭელიძის ხელმძღვანელობით “თელავმა” 20 ქულა დააგროვა და მერვეა.