“ქუთაისმა” ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა

0
4

სუპერლიგის ფინალური სერია გაიხსნა. ქუთაისის სპორტის სასახლეში, ადგილობრივი გუნდისა და “ოლიმპის” დაპირისპირებისას შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. დარბაზი სავსე იყო ქომაგებით, რომელთა აბსოლიტური უმრავლესობა ქუთაისელებს ქომაგობდა. თამაშმაც გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი და საინტერესოდ ხომ წარიმართა, შედეგიც დარბაზში შეკრებილთა უმეტესობისთვის მისაღები დაფიქსირდა.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” შესანიშნავი დასკვნითი პერიოდი ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა – 96:88. არადა, ბოლო პერიოდის წინ ოლიმპელები 8 ქულით – 64:56 იგებდნენ და გამარჯვების უკეთესი შანსიც ჰქონდათ. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა მთელი საწყისი 3 პერიოდი სტაბილურად ჩაატარა და გამარჯვებისკენ გეგმაზომიერად მიდიოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ფინალური მატჩებისთვის სარეკორდო ანგარიში დაფიქსირდა. მასპინძლებმა 10-წუთეული 40:24 მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვება გაიფორმეს. 40 ქულის ერთ პერიოდში ჩაგდება იშვიათი ამბავია, მით უფრო, ფინალური სერიის მატჩში და ეს ტუღუშის გუნდმა მოახერხა.
ქუთაისელთა ამ წარმატებაში დიდი წილი უკავია შორ სროლებს – დასკვნით პერიოდში მასპინძლებმა 6 სამქულიანი ჩააგდეს, რომელთაგან 3 სტივენ ფლეჯერის ანგარიშზეა, 2 – ოთარ ფხაკაძის, ერთიც გუნდის ვეტერანმა კაპიტანმა, გიორგი ბარბაქაძემ მიითვალა. ქუთაისელებმა მეტოქე შორი სროლებით გატეხეს და გამარჯვებამდე ისე მივიდნენ, დასკვნით წუთებზე თამაში არ დაძაბულა.
ქუთაისელთა რიგებში 28 ქულით საუკეთესო იყო სტივენ ფლეჯერი. 21 ქულა ოთარ ფხაკაძემ მიითვალა. გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. ოლიმპში 22 ქულითა და 9 მოხსნით ედვარდ ეკიორი გამოირჩა. 21 ქულა დავით ლომიძემ მიითვალა, ხოლო სამმა კალათბურთელმა – ილია ლონდარიძემ, კევინ ობერვაიზერმა და კახა ჯინჭარაძემ 10-10 ქულა მოაგროვეს.
3 მოგებამდე მიმდინარე ფინალური სერიის მეორე შეხვედრა 25 მაისს, ისევ ქუთაისში, 19:00 საათზე გაიმართება.