7-კაცა საფრანგეთის ტურნირზე

0
8

საქართველოს 7-კაცა ნაკრები 26 მაისს საფრანგეთში, ქალაქ ტურში მიემგზავრება, სადაც შაბათ-კვირას ტრადიციულ, მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს.
ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები რაგბი ევროპის ჩემპიონატისა (ორი ეტაპი) და მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება, რომლებიც ივნის-ივლისში გაიმართება.|რადგან დიდ 10-ში გადამწყვეტი, ფლეი ოფის ეტაპია, მწვრთნელებმა 18 მაისს, „შევარდენზე“ ის მორაგბეები შეკრიბეს, რომელთა გუნდებმაც შიდა ჩემპიონატი დაასრულეს და ტურის ტურნირსთვის ინტენსიურად ემზადებიან. შეკრებაზე სულ 13 მოთამაშეა და საფრანგეთში თავის გამოჩენის შანსი ყველა მათგანს ექნება.

ბესიკ ხამაშურიძე: „ამ შეკრებაზე ტექნიკის დახვეწასა და სათამაშო მონახაზზე ვაკეთებთ აქცენტს. გარდა ამისა, 7-კაცას 15-კაცასგან განსხვავებული ფიზიკური კონდიციები ჭირდება, შესაბამისად, ამ კუთხითაც დიდი სამუშაოს ჩატარება გვიწევს. მოვისაკლისეთ ის მოთამაშეები, რომელთა კლუბებიც დიდი 10-ის ფლეი ოფში თამაშობენ. ჩვენს განკარგულებაში სულ 13 მოთამაშეა და საფრანგეთში ყველა მიგვყავს. მათი ნაწილი ახალბედაა და გვაინტერესებს როგორ აუღებენ ალღოს 7-კაცას.
კვირას ორი სპარინგ-მატჩი გვქონდა ‘აკადემიასთან’ და ამ შეხვედრებმა ბევრი რამ დაგვანახა. მინდა მადლობა გადავუხადო ‘აკადემიას’ ამ დახმარებისთვის. ივნისის დასაწყისში მეორე მოსამზადებელი ტურნირი გველის პორტუგალიაში. ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ამ დროისთვის ‘ყოჩები’ ან ‘ხარები’ ფლეი ოფს გამოეთიშება და ამ კლუბის მოთამაშეებიც დაგვემატება“ .

ტურის ტურნირისთვის ემზადებიან

თემურ კოხოძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი კურტანიძე (ლელო), იაგო ხაბულიანი (არესი), ამირან შვანგირაძე (არესი), გიორგი მიქანაძე (აკადემია), საბა ილურიძე (აკადემია), მიხეილ ახობაძე (აკადემია), ლადო მიმინოშვილი (არმია), გიორგი ჯობავა (ხვამლი), ზურა ქობელაშვილი (ხვამლი), გიორგი გელაშვილი (არმია), ლაშა გედეხაური (ლოკომოტივი).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე