„სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონატი მერვედ მოიგო, გვარდიოლამ – მეოთხედ

0
5

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის პრემიერ ლიგა მეექვსედ მოიგო, ხოლო ბოლო 5 სეზონში მეოთხედ. საერთო ჯამში, მანჩესტერელებმა ინგლისის ჩემპიონატში 8-ჯერ გაიმარჯვეს.
პეპ გვარდიოლას გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში შინ ბირმინგემის „ასტონ ვილა“ 3:2 დაამარცხა, არადა, მატჩის მსვლელობისას 0:2 აგებდა. „სიტიმ“ 90 ქულა დააგროვა და 1 ქულით აჯობა იურგენ კლოპის გაწვრთნილ „ლივერპულს“, რომელმაც სეზონის ბოლო შეხვედრაში თავის მოედანზე „ვულვზს“ 2:1 სძლია.
გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში 32 ტიტული მოიპოვა. მან „სიტიში“ გატარებულ 6 წელიწადში 11 ჯილდო მოიგო.
გვარდიოლამ „სიტის“ თავკაცის რანგში პრემიერ ლიგის ოქროს მედლები მეოთხედ დაისაკუთრა. მანამდე, მან 2018, 2019 და 2021 წლებში გაიმარჯვა.
ესპანელმა სპეციალისტმა „ბარსელონაში“ 14 ტიტული მოიგო, ხოლო „ბაიერნში“ – 7. გვარდიოლამ პრემიერ ლიგაში ოქროს მედლების რაოდენობით პორტუგალიელ ჟოზე მოურინოს და ფრანგ არსენ ვენგერს აჯობა. ის მხოლოდ ალექს ფერგიუსონს (13) ჩამორჩება.