„დილამ“ „საბურთალოს“ მეორედ აჯობა, „სიონის“ მოუგებელი სერია შეწყდა

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური შეხვედრა რუსთავის ტექნიკურ ცენტრში შედგა, სადაც თბილისის „საბურთალომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით წააგო.
მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 50-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან პაატა ღუდუშაურმა კუთხური ჩააწოდა და საჰაერო ორთაბრძოლა ანრი ჭიჭინაძემ მოიგო, ხოლო საბურთალოელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით თორნიკე ძოწენიძემ ისარგებლა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი გიორგი ჯგერენაიას შეეხო და კარში აღმოჩნდა – 0:1.
72-ე წუთზე, ვანდერსონ სილვამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას „მეორე სართულზე“ ძოწენიძემ აჯობა და თავით პასი ნიკა გაგნიძეს გაუკეთა, ხოლოს „დილას“ კაპიტანმა ჰაერიდან ერთი შეხებით გაიტანა – 0:2. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „დილამ“ „საბურთალოს“ ორივე თამაში მოუგო.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ „დილას“ 26 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა, ხოლო ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით „საბურთალომ“ 23 ქულა დააგროვა და მეხუთეა.
ბოლნისის „სიონმა“ 5-მატჩიანი (2 ფრე და 3 მარცხი) მოუგებელი სერია სტუმრად „გაგრასთან“ შეწყვიტა. თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო“ არენაზე გამართული თამაშის 42-ე წუთზე ნიკა ხორხელმა საჯარიმოშს გარედან „ცაციათი“ დაარტყა და ბექა ქურდაძემ ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა.
56-ე წუთზე, მათე კვირკვიამ სტუმართა მეკარესთან პირისპირ მათე ვაწაძე გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი ლევან ისიანმა პირველ ჯერზე მოიგერია, მაგრამ მას ვარლამ კილასონია ვერ დაეხმარა და ვაწაძის მეორე დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა – 1:1.
მე-80 წუთზე თომა ტაბატაძის პასის მერე, ნიკა ხორხელი ორ გაგრელს ცრუ მოძრაობებით გასცდა და სააჯრიმოში შესულმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი დუბლი მიითვალა – 1:2.
გაგა კირკიტაძის „გაგრა“ 17 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო „სიონი“ 14 ქულით მერვეა.