კვარაცხელიას ეფექტური გოლი – ბათუმელთა გამარჯვება თელავში

0
6

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის პირველი სათამაშო დღე თელავში დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „თელავმა“ საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და ძლიერ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო.
სტუმრებს დაწინაურება თავიდანვე შეეძლოთ, მაგრამ სანდრო ალთუნაშვილმა შექმნილი მომენტი ვერ გამოიყენა.
მე-16 წუთზე მირიან ჯიქიას დარტყმის შემდეგ ლაზარე კუპატაძემ ბურთი ნახტომში კუთხურზე მოიგერია. მასპინძლებმა სტანდარტული მარჯვენა ფლანგიდან შეასრულეს და ბიძინა მახარობლის თავურის მერე, კუპატაძემ ბათუმელები გოლის გაშვებას გადაარჩინა, ხოლო თელაველთა ნახევარმცველის დამატებული „ცაციათი“ მარცხენა მახვილი კუთხიდან არაზუსტი აღმოჩნდა.
მე-20 წუთზე კუთხური ზურიკო დავითაშვილმა ჩააწოდა და „დინამოს“ კაპიტნის მამუკა კობახიძის თავურის შემდეგ ლუკა სანიკიძემ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
30-ე წუთზე, „დინამოს“ კონტრშეტევის დროს ხვიჩა კვაარცხელია თელაველთა ნახევარზე ორ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა შორეულ კუთხეში ძალიან ზუსტად დაარტყა – 0:1.
39-ე წუთზე ბათუმელთა ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ ტრავმა მიიღო და ჯოვინო ფლამარიონმა შეცვალა. ბრაზილიელი ფორვარდმა მოედანზე შესვლიდან ერთი წუთის შემდეგ, მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და მასპინძლების საჯარიმოში ზურიკო დავითაშვილი მოძებნა, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა – 0:2. პირველი ტაიმის მიწურულს კვარაცხელიამ მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ თამაში გაგანგრძო, თუმცა შესვენების მერე მოედანზე არ გამოჩენილა.
მეორე ტაიმში ბათუმელებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ სანდრო ალთუნაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი სანიკიძემ მოიგერია. ამის შემდეგ, მასპინძელთა საჯარიმოში მყოფმა ირაკლი აზარივმა მარცხენა მახვილი კუთხიდან სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში გუნდებმა გოლები გაცვალეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობა დაფიქირდა.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა „დინამომ“ თავი 34 ქულას მოუყარა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს, ხოლო გიორგი ჭელიძის თაოსნობით თელაველებს 20 ქულა აქვთ და მე-6 პოზიციაზეა არიან.