თბილისის ჯგუფში რუსეთი მონტენეგრომ ჩაანაცვლა

0
13

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის თბილისის ჯგუფში საქართველოს, ესპანეთის, თურქეთის, ბულგარეთის და ბელგიის მხარდამხარ რუსეთის ნაკრებსაც უნდა ეთამაშა, მაგრამ რუსთა მიერ უკრაინაზე მხეცური თავდასხმისა და გაჩაღებული ომის შემდეგ სპორტული სამყაროც შეიცვალა. რუსეთისა და ბელარუსის საკალათბურთო კლუბების დისკვალიფიკაციას სანაკრებო დონეზე ამ ქვეყნების ეროვნულ გუნდების მოკვეთაც მოჰყვა.
მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანოს ფიბას ევროპულმა ბიურომ წლეულს ჩასატარებელ ევროპირველობიდან რუსეთი მოკვეთა და თბილისში ამ ქვეყნის წარმომადგენლის ნაცვლად ბალკანური ნაკრები, მონტენეგრო (ჩერნოგორია) ითამაშებს.
შეხსენებისთვის, თბილისის ჯგუფის მატჩები 1-7 სექტემბერს ჩატარდება და ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპირველობის პირველ ეტაპს 7 სექტემბერს მონტენეგროსთან შეხვედრით დახურავს.