ბესიკ ხამაშურიძე: “ყაზახების სურვილია საქართველოს ჩემპიონატში ჩაერთონ”

0
5

ყაზახეთის 7-კაცა ნაკრებმა, რომელიც აზიის „ალაფისთვის“ ემზადება, ქუთაისში, „აიას“ ბაზაზე 12-დღიანი შეკრება გაიარა.
საქართველოს, როგორც სარაგბო ქვეყნის მიმართ, ინტერესს მსოფლიოს წამყვანი გუნდების გარდა ევროპისა და აზიის ქვეყნებიც იჩენენ. ყაზახებს მოეწონათ აქ არსებული ინფრასტრუქტურა და პირველი შეკრების შემდეგ, ქართულ რაგბთან უფრო მეტი სიახლოვის სურვილი გაუჩნდათ.
ყაზახეთის 7-კაცა ქუთაისში 8 მაისს ჩამოვიდა და „აიას“ ბაზაზე 10-დღიანი ვარჯიშის შემდეგ, ოთხთა ტურნირი ითამაშა. მანამდე მათ ორ-ორი გასახურებელი თამაში გამართეს ადგილობრივ კლუბებთან – ‘არესთან’ და ‘ბაგრატთან’.
სტუმრებს საქართველოს 7-კაცა ნაკრებთანაც სურდათ სპარინგი, მაგრამ მათი ვიზიტი ჩვენი გუნდის შეკრების პერიოდს არ დაემთხვა.
„ყაზახებს ჩვენი ბაზა და აქ არსებული სავარჯიშო პირობები ძალიან მოეწონათ. მათ ჩვენთანაც სურდათ თამაში, თუმცა დიდი 10-ის ფლეი ოფების გამო ეს ვერ მოხერხდა. ისინი მაშინ ჩამოვიდნენ, როდესაც ჩვენ შეკრება უკვე დასრულებული გვქონდა. სანაცვლოდ სტუმრებმა ითამაშეს ადგილობრივ კლუბებთან და წასვლის წინ ოთხთა ტურნირიც გაიმართა. სამომავლოდ, მათი სურვილია, რომ ჩაერთონ საქართველოს 7-კაცა ჩემპიონატში. ვფიქრობ, ეს კარგი იდეა იქნება, რადგან ქართულ კლუბებს საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ექნებათ და ამას აუცილებლად მოყვება განვითარება. ამავდროულად, საქართველოს 7-კაცა ჩემპიონატი კლუბებს დაეხმარებათ მომზადებაში, კონკრეტული რგოლის მოთამაშეების განვითარებაში, ნაკრებს კი სელექციაში“ – განაცხადა საქართველოს 7-კაცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ.