ქუთაისის „ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში სტუმრად თბილისის „ლოკომოტივის“ (3:0) დამარცხების შემდეგ, ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო.
მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის შოთა ბაბუნაშვილის ხელმძღვანელობით ქუთაიელებმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „თელავი“ მიიღეს და ქულას დასჯერდნენ – 1:1.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 77-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და მეტოქის კარში საჯარიმოში მყოფი საბა გოგლიჩიძე ურტყამდა, რომლისთვის ხელის შეშლას ვაჟა ფაცაცია შეეცდა, ხოლო მთავარმა მსაჯმა გიორგი ვარდიძემ მიიჩნია, რომ სტუმარმა ფეხბურთელმა თამაშისას წესი დაარღვია, რის გამო პენალტი დანიშნა. ქუთაისელთა კაპიტანმა გიორგი კუხიანიძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილი გიორგი წელიძის გუნდმა ანგარიში 82-ე წუთზე გაათანაბრა, როდესაც ბიძინა მახარობლიძის დარტყმის შემდეგ ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო კარის წინ მდგომმა გიორგი ხაბულიანმა თავისი შანი გამოიყენა – 1:1. 18 წლის ფორვარდმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
„თელავს“ 20 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ 15 ქულით მერვეა.
მთავარი ნიუსი „თელავმა“ ქუთაისში ქულა აიღო