„სამგურალმა“ წაუგებელი სერია რვა მატჩამდე გაზარდა

0
4

წყალტუბოს „სამგურალმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო. გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდი ბორის პაიჭაძის სსახელობის „დინამო არენაზე“ „გაგრას“ დაუპირისპირდა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. 35-ე წუთზე სტუმრებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს და მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდიმ პასი ილია ახვლედიანს გაუკეთა რომელმაც ვარდნაში ბურთი გადაწოდა თედო კიკაბიძეს, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა.
38-ე წუთზე წყალტუბოელთა შეტევის დროს მიხეილ ბაშალეიშვილმა მასპინძლების საჯარიმოში ჯეფერსონ ჯერალდო მოძებნა, რომელმაც ერთი მოძრაობით გაგრელთა კაპიტანი ვასილ ხოსიტაშვილი ჩამოიტოვა და „სამგურალი“ კიდევ უფრო დააინაურა.
შევენების შემდეგ გოლი არ გასულა და „სამგურალი“, რომელსაც მიჯრით 8 შეხვედრაა არ წაუგია, 26 ქულით 10-გუნდიან ცხრილში მე-3 ადგილზეა. გაგა კირკიტაძის თაოსნობით „გაგრამ“ 17 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
ბოლნისის „სიონმა“ გორის „დილა“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და პირველ ტაიმში ნახევრადმომენტები ორივე გუნდ ჰქონდა. მატჩის მეორე ნახევარიც იმავე სცენარით წარიმართა, მაგრამ ბოლო წუთებში გორელებს სამი ქულის აღება შეეძლოთ, როდესაც კუთხური ჩააწოდეს და ანრი ჭიჭინაძემ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო ცოტნე მოსიაშვილმა ახლო მანძილიდან თავით ბურთი ხარიხას მოახვედრა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს დამოძღვრილი „დილა“ 23 ქულით მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა, ხოლო უჩა სოსიაშვილის „სიონი“ 11 ქულით მეცხრეა.