კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონია, გვილიას და გაგნიძეს “ვერცხლი” ერგოთ

0
4

ნიკა კვეკვესკირმა თავის უცხოურ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. პოლონეთის ექსტრაკლასას დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პოზნანის „ლეხმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი გამოდის, სტუმრად თანაქალაქელი „ვარტა“ 2:1 დაამარცხა. ამპლუით ნახევარმცველი კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო თამაშში მოგვიანებით ჩაერთო. ამ გამარჯვების შემდეგ „ლეხმა“ 71 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მიუწვდომელია ვაკო გვილიას „რაკუვისთვის“, რომელმაც გასვლაზე ზაგლებიეს „ლუბინთან“ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე პენალტიდან გაშვებული გოლის შემდეგ 0:1 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გვილიამ „ლუბინთან“ შეუცვლელად ითამაშა. „რაკუვმა“ 66 ქულა დააგროვა და „ლეხს“ უკვე ვერ დაეწევა.
კვეკვესკირმა მიმდინარე სეზონში “ლეხში” 28 მატჩი (10 სასტარტოში) ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. გვილიამ “რაკუვში” 20-ჯერ ითამაშა. რაც შეეხება “რაკუვის” კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერ ლუკა გაგნიძეს, ის გუნდს გაზაფხულზე შეურთდა და არცერთხელ უთამაშია.
კვეკვესკირი “ლეხში” გადასვლამდე უცხოეთში აზერბაიჯანის “კეშლაში”, “გაბალაში” და ყაზახეთის “ტობოლში” გამოდიოდა.