უეფამ ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ფორმატი შეცვალა

0
8

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაამტკიცა, რომლის თანახმად 2024-2025 წლების სეზონში ტურნირში 32 გუნდის მაგივრად 36 ითამაშებს. ყველაზე დიდი ცვლილება ტრადიციული ჯგუფური ეტაპიდან ლიგის ერთიან ეტაპზე გადასვლაა, რომელშიც ყველა მონაწილე გუნდია ჩართული.
შეიცვლება ჯგუფური ეტაპი და დაინერგება ე.წ “შვეიცარიული სისტემა”. ამგვარად, თითოეული გუნდი 8-8 თამაშს ჩაატარებს 8 სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ (4 შინ, 4 – სტუმრად). მოგეხსენებათ, მოქმედი ფორმატით ჯგუფურ ეტაპზე ერთ გუნდს 6 თამაშის ჩატარება უწევს 3 სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ.
8 ტურის შემდეგ შედგება სატურნირო ცხრილი, რომლის მიხედვით გამოვლინდება მერვედფინალისტთა ვინაობა.
1-8 ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფის სტადიაზე თამაშის უფლებას პირდაპირ მიიღებენ, ხოლო 9-24 ადგილოსანი გუნდები დაწყვილდებიან, ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდებიან და ასე გამოვლინდება 8 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც მერვედფინალისტებს შეუერთდებიან. სწორედ მერვედფინალური ეტაპიდან ტურნირის ფორმატი უცვლელი დარჩება.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე ცვლილებები შეეხება ევროპა ლიგას და კონფერენს ლიგას. ერთი განსხვავებით: ევროპალიგაზე გუნდები 8-8 მატჩს ჩაატარებენ, კონფერენსლიგაზე – 6-6-ს.
რაც შეეხება დამატებით 4 ადგილს: ორ ადგილს მიიღებს ის ორი ქვეყანა, რომელთაც წინა სეზონში საუკეთესო შედეგები ექნებათ ევროთასებზე. მაგალითად, უეფა გვამცნობს, რომ ცვლილებები ძალაში მომდევნო სეზონიდან რომ შედიოდეს, ინგლისი და ნიდერლანდები შეძლებდნენ დამატებითი ადგილის მიღებას (მაგალითად პრემიერ ლიგის მეხუთეადგილოსანი ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ მოხვდებოდა).
კიდევ ერთი ადგილს მიიღებს უეფას რეიტინგში მე-5 ადგილზე მყოფი ქვეყნის საფეხბურთო ლიგის მესამეადგილოსანი, ხოლო ბოლო მე-4 დამატებითი ადგილი ე.წ “ჩემპიონთა გზით” გაირკვევა.
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ კონგრესზე მიიღო.